90-იანები, სედანი, ალფა რომეო, 4x4, საკულტო ავტომობილები, v6, იტალიური დიზაინი
Aa
Aa

Alfa Romeo-ს სიამაყე, რომელშიც კომპანიამ დიდი რესურსი ჩადო

იტალიური ავტოწარმოების ძალიან დიდი ნაწილი საკულტო მოდელებითაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ Alfa Romeo-ს სუპერქარები არ ჰყავდა, თავისი არსებობის განმავლობაში იმდენი საკულტო მოდელი დაგვიტოვა, რომ ნებისმიერ სხვა ევროპულ მწარმოებელსაც კი შეშურდება. Alfa-ს საკულტო მოდელებზე საუბრისას უადგილო იქნება, რომ 164 Q4 არ გავიხსენოთ, რომელიც თავის დროზე საუკეთესო სედანი იყო.

164 Q4 პირველად 1993 წელს შეიქმნა და ამ მოდელის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია იყო. იგი V6 ძრავით იყო აღჭურვილი, რომლის მოცულობაც 3 ლიტრს აღწევდა. მისი მაქსიმალური ცხენის ძალა 232-ს შეადგენდა, ხოლო მაბრუნი მომენტი 276-ს. სტანდარტული 6-ცილინდრიანი ძრავისგან განსხვავებით, Q4-ის ძრავას გაცილებით აგრესიული გამანაწილებელი ლილვები ჰქონდა. აგრეთვე ძრავის თავაკში შემშვები და გამშვები არხები გადიდებული იყო და ძრავის კომპიუტერიც სხვაგვარად იყო დაპროგრამებული. ეს ყველაფერი კი 22 ცხენის ძალით მეტს ნიშნავდა.

აღნიშნულ მოდელს 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ჰქონდა და იგი 4x4-ზე იყო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 164 Q4-ს 4x4-ზე სისტემა იმ დროისთვის სრულად განსხვავებული ჰქონდა - წინ და უკანა ღერძებზე, აგრეთვე უკანა ორივე ღერძზე მოჭიდება გზის საფარის მდგომარეობიდან გამომდინარე რეგულირდებოდა. ავტომობილს შეუმჩნევლად და უმალვე შეეძლო მოჭიდების გადანაწილება და ეს ყველაფერი ABS-ის სისტემით და ძრავის მთავარი კომპიუტერით იმართებოდა. ამ სისტემის გამართულად მუშაობა ავტომობილის სიჩქარეზე, მოხვევის კუთხეზე და ძრავის ბრუნებზე იყო დამოკიდებული. 90-იანი წლების დასაწყისში სერიულ ავტომობილზე მსგავსი სისტემა ნამდვილი სენსაცია იყო.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი 1 500 კილოგრამს იწონიდა, 0-დან 100-მდე აჩქარებას 7.5 წამში ახერხებდა, მაქსიმალური სიჩქარე კი 245 კმ/სთ-ს აღწევდა. 164 Q4-ის დაკიდების სისტემაც სრულად განსხვავებული იყო - მას რეგულირებადი ამორტიზატორები ჰქონდა, რომლის რეგულირებაც სალონიდან იყო შესაძლებელი. არ შეიძლება გამოგვრჩეს Q4-ის ვიზუალური მხარე, რომელიც სტანდარტული 164-სგან მკვეთრად განსხვავდებოდა. უკეთესი აეროდინამიკისთვის მისი წინა-უკანა ბამპერები და გვერდითა ლარტყები დადაბლებული იყო.

კომპანია 164 Q4-ზე უდიდეს იმედებს ამყარებდა, რადგან თვლიდნენ, რომ ეს იყო ინოვაციური, სპორტული და დახვეწილი სედანი, რომლითაც კომპანიას გარკვეული ფინანსური ხეირი ექნებოდა. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღნიშნულ პროექტს კომპანიის ფინანსები არ გაუზრდია, თუმცა ერთი რამ ცხადია - Alfa Romeo 164 Q4 32 წლის შემდეგაც კი საკულტო მოდელად ითვლება.

მსგავსი სიახლეები