Bentley-მ 100 წლის ავტომობილი წარმოებაში დააბრუნა | თუმცა, განსხვავებული
Bentley-ისთვის Blower-ი ლეგენდარული მოდელი და მისი საავტომობილო ისტორიის სიმბოლოა. ახლა კი, Blower-ის თავდაპირველი დებიუტიდან 100 წლის შემდეგ, ის კვლავ ბრუნდება. თუმცა ის, წარსულის მსგავსად, არც სრული დროსელია და არც 4.5-ლიტრიანი სუპერჩარჯერით აღჭურვილი მხეცი.
ამის ნაცვლად, Blower Jnr-ი ორიგინალის უფრო კომპაქტური ვერსიაა. და სინამდვილეში, ამ ავტომობილს არც Bentley აწყობს, ის უბრალოდ მას ყიდის. უახლესი მოდელი Hedley Studios-ს ეკუთვნის, ბრიტანულ კომპანიას, რომელიც კლასიკური მანქანების მინიატიურული ვერსიების შექმნითაა ცნობილი.
Hedley Studios-ს სახელი შესაძლოა არ გეცნობოდეთ, თუმცა ამ ტიპის „პატარა მანქანების“ ბიზნესში ის არც თუ ისე ახალია. წარსულში მას არაერთი ცნობილი მოდელის კომპაქტურ ვერსიებზე უმუშავია - მათ შორის კომპანიის სახელს უკავშირდება Bugatti Baby II-ისა და Ferrari Testa Rossa J-ის მცირე ზომის მოდელების შემუშავება.
თუმცა Blower Jnr-ი წარსული მოდელებისგანაც სრულიად განსხვავებულია და გზებზე გადასაადგილებლადაც ლეგალურია. შესაბამისად, ორიგინალზე თითქმის 85%-ით პატარა ზომის ამ მოდელით, თქვენ შეგიძლიათ საჯარო გზებზე თამამად გახვიდეთ, თუმცა მისგან მაღალ სიჩქარეს არ უნდა მოელოდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალ Blower-ს 4.5-ლიტრიანი სუპერჩარჯერი ჰქონდა, ეს ვერსია მხოლოდ 48-ვოლტიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. შედეგად, Blower Jnr-ი სულ რაღაც 20 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამის გათვალისწინებით, სიჩქარეზე შეზღუდვა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში მხოლოდ 72 კმ/სთ აქვს, ხოლო აშშ-ში 40კმ/სთ-მდე. კომპანიის ინფორმაციით, Blower Jnr-ს ერთი დამუხტვით 105 კმ-მდე მანძილს ფარავს.
თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში არა ძრავა, არამედ ის ფაქტია, რამდენად ზუსტად გადმოიტანა ბრიტანულმა კომპანიამ ორიგინალი ვერსიის დიზაინი. მანქანას ხელით დამზადებული ალუმინის კაპოტი აქვს, სხვა კომპონენტები კი, წონის შესამცირებლად, კარბონის გამოყენებით შეიქმნა.
ცნობისთვის, ავტომობილების მიწოდება წელს დაიწყება და სავარაუდოდ, მხოლოდ 350-მდე ერთეულით შემოიფარგლება. მსურველებს კი, საკუთარი მოთხოვნებით შეუძლიათ ავტომობილის დიზაინში ცვლილებები შეიტანონ. რაც შეეხება ფასს, Blower Jnr-ის ფასი დაახლოებით 90 000 გირვანქა სტერლინგიდან ანუ მიმდინარე კურსით დაახლოებით 121 000 აშშ დოლარიდან იწყება.