BMW-ის მოდელები, რომლებიც იტალიური დიზაინის ლეგენდების მიერაა შექმნილი
თუ იტალიური გავლენის მქონე გერმანული ინჟინერიის მოყვარული ხართ, ალბათ შეამჩნევდით, რომ BMW-ს ბევრ მოდელს ამ ქვეყნის დიზაინერების კვალი გასდევს. ახლა კი, ბავარიული ავტომწარმოებელი გეგმავს თავისი ისტორიის ამ მომხიბლავ პერიოდს პატივი მიაგოს და მიუნხენის მუზეუმში, თავისი უნიკალური, იტალიური დიზაინის მოდელები გამოჰფენს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ლეგენდარული კონცეპტუალური მანქანა, მათთან ერთად კი, სპეციალური ავტომობილები, რომელთაც წლების განმავლობაში, ბრენდის დიზაინის ენის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს.
გამოფენაზე, სახელწოდებით „Belle Macchine: იტალიური საავტომობილო დიზაინი BMW-ში“, 23 ისტორიული ავტომობილი იქნება წარმოდგენილი - მათ შორის BMW-ის არქივიდან და ესკიზებთან ერთად. ეს მანქანები დიდ დროით პერიოდს მოიცავს, დაწყებული 1930-იანი წლებიდან, დასრულებული 2010 წლამდე და ხაზს BMW-ს ესთეტიკურ ევოლუციაზე იტალიური დიზაინის გავლენას უსვამს.
გამოფენილი მანქანები საავტომობილო დიზაინის მიმართულების ისეთ გავლენიან და ლეგენდარულ წარმომადგენლებს ეკუთვნით, როგორებიცაა ჯორჯეტო ჯუჯარო, ჯოვანი მიკელოტი და მარჩელო განდინი. კონკრეტულ პირებთან ერთად კი, BMW-ის წლების განმავლობაში არაერთ ცნობილ იტალიურ დიზაინის სტუდიასთან უთანამშრომლია, რომელთა შორისაც იყვნენ Zagato, Pininfarina, Bertone და Italdesign. ეს სტუდიები გერმანულ ავტომწარმოებელს თავისი ხედვების რეალობად ქცევაში ეხმარებოდნენ.
გამოფენის ერთ-ერთი ვარსკვლავი განდინის მიერ შექმნილი BMW Garmisc-ია, რომელმაც გავლენა BMW-ს ქარხნული მესამე სერიისა და მეხუთე სერიის სედანების დიზაინზე იქონია. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება იშვიათი კლასიკური მოდელები, როგორიცაა 1959 წლის BMW 3200 Michelotti Vignale-ს პროტოტიპი, რომელიც საუკუნის შუა პერიოდის საავტომობილო დიზაინის ელეგანტურობას განასახიერებს. აღსანიშნავია 1966 წლის BMW 3000 V8 სედანი (მეტსახელად „Glaserati“) და 1969 წლის BMW 2800 GTS Frua კონცეფცია - ორივე მათგანი პიეტრო ფრუას ეკუთვნის.
გერმანელებმა არც უახლესი ისტორია დაივიწყეს და გამოფენაზე 1991 წლის BMW Nazca M12 სუპერქარი გამოიტანეს, რომელიც ჯორჯეტო ჯუჯაროს Italdesign-მა შექმნა. გარდა ამისა, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნებათ წინა თაობის Z4-ზე დაფუძნებულ 2012 წლის BMW Zagato Roadster-ი და 2013 წლის BMW Pininfarina Gran Lusso Coupe იხილონ.