TommyKaira ZZII | ათწლეულების განმავლობაში გაუჩინარებული იაპონური სუპერქარი
თუ ოდესმე Gran Turismo გითამაშიათ, მაშინ დიდი ალბათობით, თქვენ TommyKaira-ს შესახებაც გსმენიათ. ტიუნერების იაპონურმა ბრენდმა მოღვაწეობა ZZ-ით, პატარა, შუაძრავიანი სპორტული ავტომობილით დაიწყო, რომელიც მაშინ ძალიან შეზღუდული რაოდენობით იყიდებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კომპანიამ ახალი ავტომობილის გამოშვებაც დააანონსა და მას, ZZII უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ვიდეოთამაშებში ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ვიხილეთ, რეალურად, ის წარმოებაში არასდროს ჩაუშვიათ. ეს მოდელი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობდა, რომელიც წლების შემდეგ მზის სინათლეზე გამოვიდა.
TommyKaira ZZII-თან ერთად ერთი დღის გატარების საშუალება იუთუბერსა და Speedhunters-ის თანადამფუძნებელს, დინო დალე კარბონარეს ჰქონდა. ეს ამან კომპანიის თანადამფუძნებელ, იოშიკაზუ ტომიტასთან ერთად გააკეთა.
ZZII, მეინსტრიმული წარმოებისა და რბოლების სამყაროსკენ, TommyKaira-ს გზა უნდა ყოფილიყო. ულტრამსუბუქი ZZ-სგან განსხვავებით, II-ს სალონში მეტი სივრცე და იმ დროისთვის თანამედროვე აღჭურვილობაც ჰქონდა - როგორიცაა კონდიციონერი და რადიო CD პლეიერით. ამ ავტომობილს რეალური მანქანის ფორმაც ჰქონდა, მკვეთრი ფასადით, Zagato-ს სტილის სახურავით და McLaren F1-ის მსგავსი პროფილით.
TommyKaira-მ მოდელი პირველად 2001 წელს წარადგინა. ZZII-ში კომპანიამ R34 Nissan GT-R-დან მიღებული ძრავა გამოიყენა - თუმცა, გადმობრუნებული. RB26-ის ექვსცილინდრიანი ძრავა მათ შუაში, სალონის უკან დაამონტაჟეს. ტომი კაირას თქმით, 2.7 ლიტრამდე მოცულობით და ორი ახალი ტურბოჩარჯერით, ZZII-ის გამომუშავება 550 ცხენის ძალამდე გაიზარდა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, მაშინ მთავარი მიზანი ახალ Porsche Carrera GT-სთან კონკურენცია იყო.
პირველი ZZ-სგან განსხვავებით, ZZII მსოფლიო ბაზრებისთვის და FIA GT სერიებში მონაწილეობისთვის იყო განკუთვნილი. მათ შორის იყო ლე მანის 24-საათიანი რბოლაც. ეს ხსნის საჭის მარცხნივ განთავსებასა და სხვა, კომფორტისთვის საჭირო ფუნქციებს. თუმცა, იაპონიის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, კომპანია გაკოტრდა და ZZII წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა.