ბოლიდი, რომელსაც აირტონ სენა სიკვდილამდე 25 დღით ადრე მართავდა
1994 წლის Williams FW16B-01, რომლითაც ბრაზილიელი ლეგენდა სეზონის დასაწყისში ასპარეზობდა, RM Sotheby’s-ის აუქციონზე გამოჩნდება. ბოლიდი, რომელიც სენას ოჯახში 30 წლის განმავლობაში ინახებოდა, 16 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიყიდება.
Williams FW16B-01, რომელსაც ფოტოებზე თავადაც ხედავთ, Formula 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ბოლიდია. რა თქმა უნდა, ავტოსპორტთან კავშირი აუქციონზე F1-ის ამ ავტომობილის მაღალ ფასსაც განაპირობებს. ბოლიდს 1994 წლის სეზონის დასაწყისში აირტონ სენა მართავდა, რომელიც იმავე წლის პირველ მაისს, სან-მარინოს გრან-პრიზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა.

FW16B-01 სენას მიერ მართული Williams-ის მხოლოდ ორი შემორჩენილი ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. მესამე ბოლიდი, შასის ნომრით 02, სწორედ ის ეგზემპლარია, რომლის საჭესთანაც ბრაზილიელი დაიღუპა. ავარიის შემდეგ ბოლიდი Williams-ს დაუბრუნეს და, ოფიციალური ვერსიით, გაანადგურეს.
1994 წლის სეზონის დასაწყისი
ბოლიდი შასის ნომრით 01, თავდაპირველად FW16-01-ის სახელით ცნობილი, სენამ სეზონის დაწყებამდე ტესტირებებისთვის გამოიყენა. გარდა ამისა, ბრაზილიის გრან-პრის კვირას, რბოლის დაწყებამდე გამართულ სესიაზეც სწორედ ამ ავტომობილით გამოვიდა. თუმცა თავად რბოლაში სხვა ბოლიდით იასპარეზა.
ერთი კვირის შემდეგ, 1994 წლის 6 აპრილს, სენა ხერესის ავტოდრომზე გამართულ ტესტებზე დაბრუნდა. ამჯერად ის ბოლიდის განვითარებაზე დემონ ჰილთან ერთად მუშაობდა.

სენას გარდაცვალების შემდეგ FW16-01 (თუმცა, არა ეს ეგზემპლარი) გუნდისთვის მნიშვნელოვან ბოლიდად დარჩა. მას დემონ ჰილი მონაკოს გრან-პრიზე სარეზერვო ბოლიდადაც იყენებდა, Formula 1-ში დევიდ კულჰარდის დებიუტიც სწორედ მის საჭესთან შედგა. მანამდე კი ის საფრანგეთის გრან-პრიზე Formula 1-ში დაბრუნებულმა ნაიჯელ მენსელმა გამოიყენა.
შესაბამისად, ეს ბოლიდი მხოლოდ სენას ისტორიას არ უკავშირდება. თუმცა, რა საკვირველია, ყველაზე დიდი სიმბოლური დატვირთვა სწორედ ბრაზილიელის დამსახურებაა.
1994 წლის სეზონის განმავლობაში ბოლიდის პრობლემებიდან გამომდინარე, Williams-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება მოუწია. ახალი ტექნიკური რეგულაციების გათვალისწინებით კი საბოლოოდ გუნდს განახლებული ვერსიის შექმნა დასჭირდა. ცვლილებები აუქციონზე წარმოდგენილ ავტომობილზეც აისახა. საბოლოოდ, განახლებული ბოლიდი Williams-ს კონსტრუქტორთა ჩემპიონობაში დაეხმარა.

აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ბოლიდი თითქმის 30 წელი სენას ოჯახში ინახებოდა.
სეზონის დასრულების შემდეგ Williams-მა ბოლიდი სენას ოჯახს გადასცა. თუმცა ეს სიმბოლური ჟესტი ან საჩუქარი არ ყოფილა — გუნდმა ბრაზილიელ პილოტთან დადებული შეთანხმების პირობები შეასრულა.
სენას პირობის თანახმად, თუ Williams-ი კონსტრუქტორთა ჩემპიონატს მოიგებდა, მას ერთ-ერთი ბოლიდი უნდა დარჩენოდა. გუნდმაც ეს პირობა შეასრულა და 1994 წლის სეზონის დასასრულს FW16B-01 ბრაზილიელის ოჯახს გადასცა.

სენას ოჯახში ბოლიდი 30 წლის განმავლობაში, 1994 წლიდან 2024 წლამდე, ინახებოდა. ამ პერიოდში მისთვის რაიმე სახის აღდგენითი ან კონსტრუქციული სამუშაოები არ ჩაუტარებიათ. ამჟამინდელი მფლობელი კი ბოლიდს უცვლელ მდგომარეობაში ინარჩუნებდა და მას შემდეგ არც უმართავს.
Sotheby’s-ის შეფასებით, ავტომობილის გასაყიდი ფასი 3.5-დან 5.3 მილიონ ევრომდე იქნება. ასეთი მაღალი ღირებულება მის იშვიათობასთან ერთად იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ ბოლიდს აირტონ სენა სიკვდილამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე მართავდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს