ფორდი, ფორდ მუსტანგი, ფორდ მუსტანგი შელბი, ფორდ მუსტანგი შელბი ჯითი350
Aa
Aa

Ford Mustang Shelby GT350 ბრუნდება | ატმოსფერული V8-ითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფით

Ford Mustang-ის მოდელების ხაზს შესაძლოა კიდევ ერთი მაღალი წარმადობის მოდელი შეემატოს. გამოცემა Ford Authority-ის ცნობით, ამერიკული კომპანია ახალი თაობის Mustang-ზე მუშაობს, რომელიც წინა თაობის Shelby GT350-ის მემკვიდრედ მოგვევლინება.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

წინა თაობის Mustang-ის წარმოების დასრულების შემდეგ ეს პირველი მოდელია, რომელიც GT350-ის სახელს გააცოცხლებს. ახალი ავტომობილი S650-ის თაობის Mustang-ის ბაზაზე შეიქმნება და, სავარაუდოდ, Dark Horse SC-სგან ვიზუალურ დეტალებსაც ისესხებს — მათ შორის, განიერ ძარასა და აგრესიულ ფორმებს.

თუმცა მთავარი, რაც წესით ყველა ენთუზიასტს მოხიბლავს, მაინც ამ ავტომობილის კაპოტის ქვეშ იმალება. დიდი შანსია, რომ ახალი GT350 წინამორბედის მსგავსად ატმოსფერულ ძრავას მიიღებს. Ford-ს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ამბობენ, რომ ამერიკული მწარმოებლის გუნდში 5.2- ან 5.4-ლიტრიან V8-ს განიხილავენ.

ახალი მოდელისთვის Ford-ს სიმძლავრის მაჩვენებლები ჯერ არ გაუმჟღავნებია. თუმცა დასავლური გამოცემები არ გამორიცხავენ, რომ მოდელის გამომუშავება 650 ცხენის ძალამდე გაიზარდოს. მაგრამ ეს ამ ეტაპზე მხოლოდ გამოთქმული ვარაუდია და არა რეალობა.

შედარებისთვის, სტანდარტული Dark Horse 500 ცხენის ძალასა და 567 ნმ მაბრუნებელ მომენტს გამოიმუშავებს, ხოლო კომპრესორიანი Dark Horse SC-ის მაჩვენებლები 795 ცხენის ძალასა და 895 ნმ-ს აღწევს.

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში გვაქვს. ახალ მოდელში ძრავიდან წამოსული სიმძლავრე უკანა ბორბლებზე, სავარაუდოდ, მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით გადანაწილდება. ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა შეთავაზებებს შორის ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი ვერსიაც.

ტექნიკური განახლებები მხოლოდ ძრავითა და გადაცემათა კოლოფით არ შემოიფარგლება. საბაზისო ვერსიისგან განსხვავებით, GT350-ის მემკვიდრე გაუმჯობესებულ გაგრილების სისტემასა და განახლებულ დაკიდების სისტემას მიიღებს. არ არის გამორიცხული, გარკვეული ელემენტები Dark Horse SC-სთანაც გაიზიაროს.

არსებული ინფორმაციით, Ford ახალ მოდელს მხოლოდ კუპეს ძარით გამოუშვებს, კაბრიოლეტის გამოშვება კი არ იგეგმება. ეს შემთხვევა წინა თაობის Shelby GT350-ში გამოყენებულ მიდგომასაც შეესაბამება, რადგან ინჟინრებისთვის ახლაც პრიორიტეტი ძარის სიმტკიცე და ტრასაზე უკეთესი მართვადობის შემოთავაზებაა.

უცნობია ფასიც: შედარებისთვის, 2026 წლის Mustang Dark Horse-ის საწყისი ღირებულება მიწოდებისა და სხვა შესაბამისი გადასახადების ჩათვლით 67 770 აშშ დოლარია, ხოლო Dark Horse SC-ის ფასი 108 085 აშშ დოლარიდან იწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები