BYD-მა Yangwang Altior-ი წარადგინა (და თავმოყვარეობა საბოლოოდ დაივიწყა)
მიუხედავად იმისა, რომ ჩინელმა ავტომწარმოებლებმა ტექნოლოგიური თვალსაზრისით დასავლელ კონკურენტებს ბევრ კომპონენტში უკვე გადაასწრეს, ორიგინალურობისა და კრეატიულობის დეფიციტი კვლავ ძველებურად მწვავედ დგას. ამის ნათელი დასტური BYD-ის პრემიუმ ქვებრენდის — Yangwang-ის ახალი ფლაგმანი Altior-ია. ეს სრულად ელექტრო მდიდრული სედანი ადგილზე ბრუნავს (ე.წ Tank Turn) და ცურავს, თუმცა ვიზუალურად Rolls-Royce Phantom-ის აშკარა კლონია...
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა საოცრად მდიდრული ბრენდი?
ფლაგმანის წარდგენა აბუ-დაბიში შედგა და ავტომწარმოებელმა მის მიზნად Rolls-Royce-თან, Bentley-სთან და Mercedes-Maybach-თან კონკურენციაში შესვლა დაასახელა. Yangwang Altior-ის სიგრძე 5600 მილიმეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის Rolls-Royce Ghost-ზე 55 მმ-ით გრძელია, ხოლო სტანდარტული ბაზის მქონე Phantom-ს მხოლოდ 162 მილიმეტრით ჩამოუვარდება.
Goodwood-ის ბრენდის ხელწერა BYD-ის დიზაინერებისთვის მთავარი შთაგონების წყარო გახდა. პროფილში სედანი Rolls-Royce-ის ჩვეულებრივი რეპლიკაა (და ამ განცხადების გაკეთება საერთოდ არ გვეუხერხულება) — ნაცნობი პროპორციებით, ქრომირებული ჩანართებით, „თვითმკვლელი“ კარებით და ორფეროვანი ექსტერიერით... 21-დუიმიანი პოლირებული დისკებიც კი ზედმეტად ნაცნობად გამოიყურება...
ბუნებრივია, იურიდიული პრობლემების ასაცილებლად, Altior-მა რამდენიმე უნიკალური დეტალი მაინც მიიღო. წინა ნაწილში დამონტაჟებულია რთული კონსტრუქციის მაშუქები 12 მბრუნავი ელემენტით, ხოლო კვადრატული ცხაური Yangwang-ის ოქროსფერი ემბლემითა და ძვირფასი ელემენტებით არის გაფორმებული.
კარები ფართოდ — წინა 80 და უკანა 90 გრადუსით იღება, რაც ოთხადგილიან ზემდიდრულ სალონში მოხვედრას ამარტივებს. ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი ხის ჩანართები, ტყავი, აბრეშუმის ნაკერები, შალის იატაკის ხალიჩები და ნამდვილი მეტალი სამართავ ღილაკებზე. ტექნოლოგიური აღჭურვილობა, როგორც მოსალოდნელი იყო, შთამბეჭდავია — წინა მხარე სრულად ეკრანებითაა დაფარული, უკანა მგზავრებისთვის კი 21.4-დუიმიანი ჭერის მოძრავი მონიტორია გათვალისწინებული... აქვეა 39-დინამიკიანი აუდიოსისტემა, მასაჟორები, რეგულირებადი სავარძლები, მაცივრები და (Rolls-Royce-ის საუკეთესო ტრადიციის შესაბამისად) ბრენდირებული ქოლგები...
Altior-ი BYD-ის მოწინავე e4 პლატფორმაზეა აგებული. სიმძლავრეზე პასუხისმგებელი ოთხი ელექტროძრავაა. ერთი დამუხტვით ელექტრომობილს 1000 კილომეტრზე დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია.
ჩინურ ბაზარზე Yangwang Altior-ი შესაკვეთად უკვე ხელმისაწვდომია. მისი ლიმიტირებული გამოშვების საწყისი ფასი 2 080 000 იუანიდან ($311 540) იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე თანხა არ არის Rolls-Royce Phantom-ზე თითქმის 4-ჯერ იაფია... ეს უკანასკნელი ჩინეთში იმპორტის მაღალი გადასახადების გამო $1.2 მილიონი ღირს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს