ილონ მასკი, უსაფრთხოების ტესტი, ელექტრომობილი, ავტონომიური მანქანა, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა
Aa
Aa

Tesla-ს ტრაგიკული ავარიები თვითმართვად ავტომობილებთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს

2023 წლის ნოემბერში, არიზონაში, სრულად თვითმართვადი (FSD) რეჟიმზე მოძრავი Tesla-ს ელექტრომობილი, ფატალური ავარიის მიზეზად იქცა. მანქანა 71 წლის ჯონა სტორს დაეჯახა და იმსხვერპლა. შემთხვევის დროს, ქალბატონი ცოტა ხნით ადრე მომხდარი ინციდენტით დაშავებულებს ეხმარებოდა. როგორც  ვიდეოდან ჩანს, მზის სხივებმა ხილვადობა მნიშვნელოვნად შეამცირა.

როგორც Tesla-ს მძღოლმა, კარლ სტოკმა განაცხადა, მან გაჩერებული მანქანები დროულად ვერ შენიშნა. მიუხედავად იმისა, რომ Bloomberg-ის ცნობით, FSD ჩართული იყო, პოლიციის ანგარიში იმავეს არ ადასტურებს. თუმცა შესაძლებელია, რომ ფედერალური მონაცემები, რომლებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, საპირისპიროს ამტკიცებდეს.

ავარია, Tesla-ს სისტემებთან დაკავშირებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ელექტრომობილი ამ დროს არა რადარს ან ლიდარს, კამერებს ეყრდნობა. ნამდვილი მძღოლების მსგავსად, ხედვაზე დაფუძნებულ სისტემებს შესაძლოა ისეთ პირობებში, როგორიცაა მზის სხივები, ნისლი ან კვამლი მანქანის მართვისას დაბრკოლებები შეექმნათ.

NHTSA-ს რეგულატორები ამჟამად ავარიის რამდენიმე შემთხვევას იძიებენ - თითოეული ინციდენტისას, Tesla-ს FSD-ს დაბალი ხილვადობის სიტუაციებში შესაძლოა პრობლემები შეჰქმნოდა. მიუხედავად არსებული შეშფოთებისა, Tesla თავისი Robotaxi-ის განსავითარებლად მუშაობას აგრძელებს და უახლოეს პერიოდში, სრულ თვითმართვასაც გვპირდება. მაგრამ ბოლოდროინდელი ავარიები აჩვენებს, რომ სისტემას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები.

Tesla აცხადებს, რომ FSD-ის უსაფრთხოებას აქტიურად აუმჯობესებს. თუმცა მესამე მხარის მონაცემების გარეშე, ზუსტი დასკვნების გამოტანა რთულია. მათ შორის, უახლესი ტესტირებებიც არ არის დიდად იმედისმომცემი.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ჩანს თუ როგორ ეჯახება Model Y, უსაფრთხოების ტესტირების დროს, ბავშვის ზომის მანეკენს. განსაკუთრებით ყურადსაღები კი ის ფაქტია, რომ EV-ი საგნის, როგორც გამვლელის იდენტიფიცირებას ახერხებს, თუმცა საჭირო რეაგირებას ამის შემდეგად ვერ ავლენს - მათ შორის არც სიჩქარეს ანელებს და არც ჩერდება.

მსგავსი სიახლეები