ბრიტანეთი, ნისანი, დათსუნი, ბრიტანული საავტომობილო კორპორაცია
Aa
Aa

0-დან 100-მდე ერთ წუთში | Nissan-ი ბრიტანული ძრავით

შესაძლოა, ახლა Nissan-ი სახარბიელო მდგომარეობაში არ იმყოფებოდეს - როგორც ფინანსურად, ასევე რეპუტაციულად - რთულია იმ წარსულის უგულებელყოფა, რომელიც ამ ბრენდის უკან დგას. 240Z-ის შესახებ ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია. ეს მოდელი პირველად 1970 წელს წარადგინეს. მისი გამოჩენიდან მალევე კი, ბაზარზე 510-იც გამოჩნდა.

თუმცა 240Z და 510, რა თქმა უნდა, Datsuns-ის სახელით გამოვიდა და არა Nissan-ის, რადგან კომპანიამ აშშ-ში რებრენდინგი მხოლოდ 1981 წლისთვის განიცადა. და მანამ, სანამ Nissan-ი ყველას ლეგენდარული მოდელებით დაამახსოვრებდა თავს, კომპანიას აშშ-ში არც თუ ისე ლეგენდარული დასაწყისი ჰქონდა. აშშ-ში პირველი Datsun-ი 210-ის მოდელი იყო, რომელიც 1 000-ის სახელით იყიდებოდა. ეს უკანასკნელი კი, მის 4-ცილინდრიან ძრავაზე მიუთითებდა.

მწვანე და შავ ფერებში შეღებილი 1958 წლის მოდელი, პირველად Bring a Trailer-ზე რამდენიმე წლის წინ, $35 000-ად გაიყიდა. განიერ და დაბალ მანქანებთან შედარებით, რომლებიც იმ დროს შედარებით გავრცელებული იყო, ეს ავტომობილი ბევრად უხეში, წვრილი და მაღალი ფორმით გამოირჩეოდა. დახრილი დიზაინის საბარგული კი, ამ მოდელს შედარებით უფრო დახვეწილ იერსახეს უნარჩუნებდა.

რაც შეეხება ძრავას - ამ მოდელში კომპანიამ ბრიტანული საავტომობილო კორპორაციის, BMC-ის ძრავის შედარებით მცირე ვერსია, სახელწოდებით B-series-ი გამოიყენა. ეს ძრავა, მოგვიანებით, MGB-ის არაერთ სპორტულ მანქანაშიც ვიხილეთ. ამ ძრავის გამოყენების მიზეზი ის გახლდათ, რომ იმ დროს BMC-სა და Nissan-ს საკმაოდ კარგი პარტნიორობა აკავშირებდათ. 1950-იანი წლების დასაწყისიდან Nissan-ი, ლიცენზიით, British Austin A50-ის მანქანებს აწარმოებდა და მეორე მსოფლიო ომამდეც კი,  Austin Seven-ის ასლებზე მუშაობდა.

შედეგად, ავტომობილი 37 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებდა, რაც დღეს კატასტროფაა და არც მაშინ იყო შესაშური მაჩვენებელი. თანაც მაშინ, როდესაც იმავე წელს ამერიკაში Chrysler-მა 300D წარადგინა, რომელიც 390 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. შესაბამისად, ბრიტანული ძრავით აღჭურვილი მოდელი დიდად შესაშურ მდგომარეობაში არ გახლდათ და ამას ტესტირების შედეგებიც დაემატა. 1958 წლის დეკემბერში Road & Track-ის ტესტირების დროს, ავტომობილს 0-დან 100-მდე მისაღწევად 46 წამი დასჭირდა, მაქსიმალური სიჩქარე კი, 106 კმ/სთ-ზე განავითარა.

როგორც თავის დროზე Road & Track-ი წერდა, ნებისმიერ მანქანას, რომელსაც წარმატების მიღწევა სურს, უკეთესი წარმადობა უნდა ჰქონდეს და ბევრად ეკონომიურიც უნდა იყოს. გამოცემის შეფასებითვე, Datsun-ს ყველაფერი აკლდა. თუმცა წლები გავიდა და 510-მა, როგორც დაბალფასიანმა BMW-იმ ავტომოყვარულთა შორის სახელიც გაითქვა.

მსგავსი სიახლეები