მოზარდმა პოლიციის ეკიპაჟს 210 კმ/სთ-ით გადაასწრო, რადგან გასაუბრებაზე აგვიანდებოდა
პოლიციამ, კონექტიკუტში, 19 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც გზატკეცილზე 210 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილდებოდა. როგორც გაირკვა პირს, სამსახურის გასაუბრებაზე აგვიანდებოდა, რის გამოც, საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაივიწყა და მათ შორის საპატრულო ეკიპაჟისთვისაც კი, თავის დაღწევა, მაღალი სიჩქარით გადაწყვიტა.
ინციდენტი ოთხშაბათს დილით, 91-ე საშტატთაშორისო გზატკეცილზე მოხდა. დაახლოებით დილის 8:54 საათზე, კონექტიკუტის შტატის პოლიციის ეკიპაჟმა, Mercedes-Benz E300 შენიშნა, რომელიც გზაზე არსებულ სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე მნიშვნელოვნად სწრაფად მოძრაობდა. პოლიციელმა საპატრულო მანქანის საავარიო განათებები და სირენა ჩართო და კანონდამრღვევს დაედევნა.
გაჩერების ნაცვლად, მოზარდმა მძღოლმა აქსელერაციის პედალს დააჭირა ფეხი და საცობში, ზოლის შეცვლაც დააპირა, რათა პოლიციელი შეეშინებინა. სხვა მძღოლებისთვის მზარდი რისკის გათვალისწინებით, პოლიციელმა დევნის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ამასთან ერთად, 212 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი Mercedes-ი სიჩქარის კამერებმაც დააფიქსირეს, რაც საკმარისად დიდი მიზეზი იყო უსაფრთხოების მიზნით დევნის შეწყვეტისთვის.
თუმცა, ავტომობილის სანომრე ნიშნის გამოყენებით, პოლიციამ რეგისტრირებული მფლობელი აღმოაჩინა. მასთან დაკავშირებისას კი შეიტყვეს, რომ შემთხვევის დროს ავტომობილს მისი ოჯახის წევრი, 19 წლის მოზარდი მართავდა. ოფიცრები მოგვიანებით მოზარდსაც დაუკავშირდნენ, რომელმაც დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ჩქარობდა, რადგან სამსახურის გასაუბრებაზე აგვიანებდა.
ახლა მას ბრალდებების სია აქვს წარდგენილი: უგუნური მართვა, ოფიცრის დაუმორჩილებლობა, ზოლის დარღვევა, მარჯვნივ გასწრება, არასწორი მოხვევა, სახიფათო მანძილზე გასწრება, ოფიცრისთვის ხელის შეშლა, სხვებისთვის საფრთხის შექმნა და ა.შ. პირი 2 500 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.