Tesla მომხმარებლისგან უფასო რეკლამას ითხოვს | კომპანია გადარჩენას ცდილობს
Tesla, დიდი ხანია, რეკლამირების ტრადიციულ ფორმებს აღარ იყენებს. ამის მიუხედავად, ელექტრომობილების მწარმოებელი ახალბედა სტარტაპიდან EV-ების გიგანტად იქცა. თუმცა ბოლო პერიოდში, ელექტრომობილების უკან გაწვევის რამდენიმე ეტაპმა, ამერიკულ კომპანიას პრობლემები შეუქმნა. ახლა კი, Tesla საზოგადოების კეთილგანწყობის დაბრუნებას ცდილობს.
ბრენდისადმი ინტერესის აღსადგენად, Tesla-მ ახალი ინიციატივა, TeslaVision Content-ი გამოაცხადა. ეს ვიდეო კონკურსიდან, რომლის დროსაც Tesla-ს მფლობელებს თავიანთი ძალისხმევით რეკლამის შექმნა დაავალა, დაახლოებით 8 წლის შემდეგ გამოჩნდა. მაშინ კონკურსი მარკეს ბრაუნიმ, იგივე MKBHD-მ მოიგო. Tesla-ს ცნობით, კონკურსი ახალი Model Y-ის გლობალური გამოშვების აღსანიშნავად შეიქმნა.
მფლობელებსა და გულშემატკივრებს 90-წამიანი ან ნაკლები ხანგრძლივობის ვიდეოს წარდგენა შეუძლიათ. ვიდეოს შინაარსი კი შემდეგნაირი უნდა იყოს: რეკლამაში უნდა ჩანდეს, რომ Tesla თავის მომხმარებელს მეტ თავისუფლებას, უსაფთხოებას, კომფორტსა და გართობას სთავაზობს.
ჩრდილოეთ ამერიკაში კონკურსის გამარჯვებული სრულიად ახალ Tesla Model Y-ს და ტეხასის გიგაქარხანაში უფასო მოგზაურობას მიიღებს. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებიც კერძო ტურით დასაჩუქრდებიან. პრიზები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, ჰონგ-კონგში, მალაიზიაში, ფილიპინებში, სინგაპურსა და ტაილანდში მცხოვრები ნებისმიერი პირისთვის მთავარი პრიზი 830 აშშ დოლარის ღირებულების Tesla-ს მაღაზიის კრედიტებია.
კონკურსის მიზეზი კი აშკარაა: კომპანიას უფასო რეკლამა სჭირდება. ყველა მონაწილემ რეკლამა YouTube-ზე უნდა გამოაქვეყნოს, ასევე გადააზიაროს X-სა და Instagram-ზე და მონიშნოს Tesla წარწერით „TeslaVision კონკურსი“.