ის, რაც მხოლოდ ფილმებში გვინახავს: პილოტმა თვითმფრინავი მანქანებს შორის უვნებლად დასვა
თვითმფრინავით მგზავრობისას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, ძრავის გაფუჭებაა. სწორედ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა პენსილვანიაში მცირე ზომის თვითმფრინავის პილოტი, რომელსაც დაფრენა შუა გზატკეცილზე მოუხდა. სირთულის მიუხედავად, პილოტმა თვითმფრინავი ისეთი სიზუსტით დასვა, რომ არცერთ ავტომობილს არ შეხებია.

გასულ შაბათს, დილის 09:30 საათზე, 65 წლის პილოტმა I-78 გზატკეცილის აღმოსავლეთ ზოლზე თვითმფრინავი, რომელსაც ძრავა გაეთიშა, უსაფრთხოდ დასვა. WPVI-ის თანახმად, ხომალდი ნიუ-ჯერსიში მდებარე აეროპორტიდან აფრინდა და ინდიანასკენ მიემართებოდა, როდესაც პილოტმა პენსილვანიის თავზე ძრავის პრობლემის შესახებ განაცხადა.
ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, პილოტმა თავდაპირველად რადიოკავშირისას თქვა, რომ გზატკეცილზე დაშვება არ სურდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა. ბევრისთვის მოულოდნელად, მან დაშვება ისე შეძლო, რომ არავინ დაშავებულა. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ფილმებში უნახავთ.
ერთ-ერთმა მძღოლმა მომხდარი „სააღდგომო სასწაულსაც“ შეადარა. მისი თქმით, პილოტმა თვითმფრინავი იდეალურად ცენტრში დასვა, მიუხედავად იმისა, რომ ხომალდის ფრთები თითქმის ორ ზოლს იკავებდა. კიდევ ერთი თვითმხილველის შეფასებით, პილოტი დაშვებისას სიმშვიდეს ინარჩუნებდა და პანიკაში არ ჩავარდნილა. სწორედ ამ სიმშვიდემ ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ არც პილოტი, არც მისი მგზავრი და არც ავტომობილების მძღოლები არ დაშავებულან.

საბოლოოდ, თვითმფრინავი გზატკეცილიდან სამაშველო ჯგუფმა აეროპორტში გადაიყვანა. საავიაციო სამსახურმა ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, დეტალურ ანგარიშს კი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება.