რუსეთი, ფოლცვაგენი, ვოლგა, ვოლგა კ50, ვოლგა ც50
Aa
Aa

რუსული „ვოლგას“ ახალი მოდელები VW-ის ყოფილ ქარხანაში აეწყობა

Volga რუსეთის საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია. წლების შემდეგ კი, ავტომწარმოებელი ახალი მოდელებითა და ახალი პარტნიორის დახმარებით ბრუნდება. თავდაპირველად GAZ-ის მიერ წარმოებული Volga-ს სედანები ახლა უკვე Geely-სთან თანამშრომლობით გამოვა და, რაც მთავარია, Volkswagen-ის ყოფილ ქარხანაში აეწყობა.

ბრენდი ამჟამად ორი ახალი მოდელით წარსდგება — ესენია C50 და K50. ავტომწარმოებელმა დაახლოებით ორი თვის წინ პირველი რენდერებიც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ მასალებში ნაჩვენები ავტომობილი 2024 წელს წარმოდგენილ ერთ-ერთ კროსოვერს ჰგავდა, თუმცა მცირე ვიზუალური ცვლილებებით.

ერთ-ერთი მოდელი K50-ია, რომელიც თებერვალში გამოქვეყნებულ თიზერებშიც ვიხილეთ. ეს უკანასკნელი Geely Monjaro-ზე დაფუძნებული SUV-ია და, ფაქტობრივად, მისი იდენტურია — იგივე წინა ფასადით, ქრომირებული აქცენტებითა და ფარებით. შესამჩნევ ცვლილებებს შორის შეგვიძლია განახლებული ცხაური გამოვყოთ, რომელზეც „ვოლგის“ ტრადიციული ლოგოა დატანილი.

მსგავსებები ავტომობილის გვერდითა და უკანა მხარესაც გრძელდება, თუმცა ინტერიერის სურათები ჯერ არ გამოქვეყნებულა. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, რუსული მედია ირწმუნება, რომ მოდელი აღჭურვილია ბენზინზე მომუშავე 2-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც 238 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავა 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება, რომელიც სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს.

მეორე მოდელი Volga C50 გახლავთ, ტრადიციული სედანის ფორმით. ეს მოდელიც Geely-ს ანალოგების შესაბამისადაა აგებული. K50-ის მსგავსად, C50-საც ახალი ცხაური და ლოგო გამოარჩევს, დანარჩენი კი იდენტურია. ზოგი ამ მოდელს Volkswagen Passat-სა და ამერიკულ Honda Accord-საც კი ადარებს, თუმცა ეს საკამათო საკითხია.

ავტომობილის ინტერიერში ციფრულ ინსტრუმენტების დაფასა და საინფორმაციო-გასართობ ეკრანს ვხვდებით. კაპოტის ქვეშ კი 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტურბოძრავაა, 150 და 200 ცხენის ძალის ვერსიებით. მოდელი 7-სიჩქარიან, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფს იყენებს.

Volga-ს მოდელების ფასი ჯერ არ გაუსაჯაროებია. თუმცა ცნობილია, რომ ორივე ავტომობილის აწყობა ნიჟნი ნოვგოროდში, VW Group-ის ყოფილ ქარხანაში იგეგმება. ამ ობიექტში ადრე შიდა ბაზრისთვის Skoda-სა და VW-ს მოდელები იწარმოებოდა. წარსულში Volga ახალ მოდელებზე სამუშაოდ კიდევ ერთ ჩინურ კომპანია Changan-თან თანამშრომლობდა, თუმცა, როგორც ცნობილია, 2026 წლის ხაზს ის Geely-სთან პარტნიორობით გამოუშვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები