მიწოდება, გაყიდვები, ირანი, ახლო აღმოსავლეთი, კონფლიქტი ირანში
Aa
Aa

ირანის კონფლიქტი ავტობაზარს 1.4-მილიონიან დეფიციტს უქმნის | S&P Global Mobility

ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი ირანში კონფლიქტის ესკალაცია, ნავთობის მიწოდების შეფერხებასა და ფასების ზრდის გარდა, საავტომობილო ინდუსტრიისთვის გაყიდვების კლებაშიც გამოიხატება. მიმდინარე დაპირისპირება, სავარაუდოდ, წელს ავტომობილების გლობალური გაყიდვების მკვეთრი ვარდნის მიზეზი გახდება.

გადამზიდავი კომპანიების დიდი ნაწილი ამჟამად ჰორმუზის სრუტეს, ლოგიკური მიზეზებიდან გამომდინარე, „აკრძალულ“ ზონად მიიჩნევს. სრუტე ფაქტობრივად კვლავ ბლოკირებულია და მიწოდების ჯაჭვებში მნიშვნელოვან შეფერხებებსაც იწვევს. იმ შემთხვევაშიც, თუ სრუტე აპრილის ჩათვლით ასე დარჩება და შემდგომ ეტაპობრივად გაიხსნება, ეს შესაძლოა მიმდინარე წელს ახალი ავტომობილების გაყიდვების 800 000-დან 900 000-მდე ერთეულით კლებაში აისახოს.

ასევე დაგაინტერესებთ: ირანის მუქარა ამერიკულ გიგანტებს | Tesla „ლეგიტიმური სამიზნეების“ სიაში მოხვდა

ამ კლებიდან დაახლოებით 200 000 ერთეული, სავარაუდოდ, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოში შემავალ ქვეყნებზე მოდის, მათ შორისაა: ბაჰრეინი, ქუვეითი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. აღნიშნულმა ქვეყნებმა ავტომობილების მიწოდებაში მნიშვნელოვანი შეფერხებების შესახებ უკვე განაცხადეს. ეს, ერთი მხრივ, გამოიწვევს როგორც შეძენილი ავტომობილების მიწოდების დროის გახანგრძლივებას, ასევე ავტომობილების ფასების, გადაზიდვის, დაზღვევისა და ლოგისტიკის ხარჯების ზრდას.

S&P Global Mobility-ს პროგნოზით, მაშინაც კი, თუ ჰორმუზის სრუტე აპრილის შემდეგ გაიხსნება, გადაზიდვებისთვის საჭირო პირობების აღდგენას დრო დასჭირდება. კონფლიქტის ესკალაციამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას კი, სავარაუდოდ, 2026 წლის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ.

შეფერხებები მხოლოდ ახალი ავტომობილების წლევანდელი გაყიდვებით არ შემოიფარგლება, არამედ, ანალიტიკური ფირმის გათვლებით, მომდევნო წლებზეც იქონიებს გავლენას. მაგალითად, 2027 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვებში 500 000-მდე ერთეულით კლებაა მოსალოდნელი, რაც საერთო დეფიციტს 1.4 მილიონ ერთეულამდე მაინც გაზრდის.

მნიშვნელოვანია, რომ S&P Global Mobility-ს ეს პროგნოზი რეალურად მხოლოდ მიმდინარე დაპირისპირების აპრილის თვეშივე დასრულების გათვალისწინებითაა გამოთვლილი. იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კვლავ გაგრძელდება, შედეგები კიდევ უფრო უარესი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები