იაპონური ჯუჯა ავტომობილი წარსულიდან
იაპონური საავტომობილო კულტურა ყოველთვის განსხვავებულია - მცირე ზომის მანქანები, დაბალი ლიტრაჟობის მქონე ძრავები, მარტივი და საიმედო კონსტრუქცია. იაპონელებს მცირე ზომის ავტომობილები ძალიან უყვართ. თუმცა ეს ავტომობილები საკმაოდ სწრაფია და კარგი მართვის უნარებით გამოირჩევა. 80-იან წლებში იაპონურ ავტო წარმოებაში ახალი ხაზი გაჩნდა და Key Cars-ი ეწოდა. მათ ხშირად ჯუჯა ავტომობილებსაც ეძახდნენ, თუმცა ისინი ადვილი და ეკონომიური ექსპლუატაციისთვის იყო განკუთვნილი, ამავდროულად აუცილებელი მოთხოვნა სხარტი მართვის უნარები იყო. ამ კატეგორიის მოდელები იაპონიაში ბევრი შექმნილა, მაგრამ დღეს ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე მოგითხრობთ, რომელიც ყველაზე დაბალი გაყიდვებით გამოირჩეოდა, თუმცა ავტომოყვარულებს ძალიან უყვარდათ.
Autozam AZ-1 “მაზდას“ ქოლგის ქვეშ არსებული მცირე კომპანია იყო, რომელსაც ჯუჯა ავტომობილები უნდა ეწარმოებინა. 1992 წელს პირველი Autozam AZ-1 ვიხილეთ, რომელიც Suzuki-ს 3-ცილინდრიანი და ტურბინიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომლის მოცულობაც სულ რაღაც 0.7 ლიტრს შეადგენდა. ავტომობილი 730 კილოგრამს იწონიდა და 64 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამ მონაცემების მანქანა დიდი აჩქარებით ვერავის აოცებდა, თუმცა ცენტრში მოთავსებული ძრავა, დაბალი წონა და პატარა ძრავიდან გამომუშავებული 9000 ბრუნი ნამდვილად დიდი სიამოვნება იყო. AZ-1 ყველაზე მეტად თავისი მართვის უნარების გამო უყვარდათ, იგი ნებისმიერ მოსახვევში თავს შესანიშნავად გრძნობდა.
ავტომობილს არ ჰქონდა არანაირი კომფორტი, იგი 2-ადგილიანი იყო და ისიც 2 მცირე ზომის იაპონელი თუ ჩაეტეოდა. ამ ყველაფერს Fiberglass-ისგან დამზადებული ძარის და 3-ცილინდრიანი ძრავის ვიბრაციები ემატებოდა. თუმცა ამ ავტომობილს მხოლოდ ავტომოყვარულები ყიდულობდნენ, რომლებსაც აღნიშნული პრობლემები საერთოდ არ აწუხებდათ. აუცილებლად აღსანიშნავია მისი ძარის დეტალები. თუ კარგად დააკვირდებით უკანა სპოილერი Ferrari F40-ის მსგავსი ჰქონდა, კარის შუშა Lamborghini Countach-ის და თვითონ კარები Mercedes Gullwing-ის მსგავსად იღებოდა.
Autozam AZ-1-ის კონკურენტი Suzuki Cappuccino და Honda Beat-ი იყო, თუმცა მან თავის კონკურენტებს შესაბამისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რადგან Mazda-მ 7-ჯერ უფრო ნაკლები რაოდენობის რეალიზება მოახდინა ვიდრე Suzuki-მ და Honda-მ. შესაბამისად Autozam-ის ამ პროექტმა დიდხანს ვერ იარსება და 1992 წელს დაწყებული წარმოებიდან ზუსტად 2 წელში აღნიშნული მოდელი გაჩერდა.