დიდი დასასრული: Lexus-ი V8 ძრავით უკანასკნელ სპორტქარს უშვებს
V8-ძრავიანი მაღალი ხარისხის სედანები ბაზარზე ბოლო წლებია დიდი იშვიათობა გახდა. მათი პოვნა კი, ალბათ დროის გასვლასთან ერთად, კიდევ უფრო გაგვიჭირდება. ამჯერად საყვარელ მომხმარებელს Lexus IS 500 ემშვიდობება, თუმცა ღირსეულად. თქვენ წინაშე Climax Edition-ია, რომლის გამოშვებასაც ავტომწარმოებელი შეზღუდული რაოდენობით, სულ 500 ერთეულით გეგმავს.
Climax Edition-ის გამორჩეული მახასიათებელი, ამ მოდელის გაძლიერებული სამუხრუჭე სისტემაა. ვენტილირებადი დისკები, რომელთა დიამეტრი ახლა 380 მმ-მდეა გაზრდილი, Brembo-ს 6-დგუშიანი სუპორტი და მოჭიდების მაღალი ხარისხი — უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი IS 500 და უფრო მეტად ჰგავს ტრასაზე გამოსაყენებლად მზა RC F-ს. ასევე ძნელია შეუმჩნეველი დარჩეს Brembo-ს წითელი ფერის სუპორტიც, რომლებიც 19-იჩნიანი BBS-ის მქრქალი შავი ფერის ალუმინის დისკების უკანაა მოთავსებული. ხოლო ექსტერიერის კიდევ უფრო დასახვეწად, Lexus-ი ამ მოდელს მომხმარებელს Neutrino Gray-ს ფერშიც შესთავაზებს.
სპეციალური გამოშვებისთვის, Lexus-ი ძრავაში არანაირი ცვლილების შეტანას არ გეგმავს. ტრადიციულად 5-ლიტრიანი V8 ძრავა, რომელიც სტანდარტული IS 500-ის მსგავსია, 472 ცხენის ძალას და 535 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავა მხოლოდ 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული, რომელიც სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს.
ეს მოდელი მხოლოდ 500 ერთეულით შემოიფარგლება. პირველი ეგზემპლარები სადილეროებში, აგვისტოში გამოჩნდება. საწყისი ფასი 65 000 აშშ დოლარი იქნება. შედარებისთვის, იმავე ბაზარზე 2022 წლის ანალოგიურად შეზღუდული წარმოების First Edition-ის ფასი 62 000 აშშ დოლარს აღწევდა.
რა ბედი ეწევა IS-ის სედანებს? ეს ვერსია 1999 წლიდან არსებობს და ორი ათწლეულის შემდეგ, მისი „პენსიაზე გასვლის“ დროც მოვიდა. Lexus-მა ამჟამინდელი თაობა 2013 წელს წარმოადგინა, შემდგომ კი, 2017 და 2020 წლებში განაახლა. თუმცა, როგორც ჩანს, ავტომწარმოებელმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამ მოდელის არსებობის დრო ამოწურულია.
მიუხედავად იმისა, რომ Lexus-ი მომავალ გეგმებზე ბევრ დეტალს არ ამხელს, თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, შემდეგი თაობის IS შესაძლოა სრულად ელექტრო იყოს. ასევე გამოვიდეს, როგორც სედანის, ასევე Shooting Brake-ის სტილში. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ არ დადასტურებულა და დანარჩენს Lexus-ი თავად გადაწყვეტს.