Lamborghini-ის ცუდი პარკირებისთვის აკრიტიკებდნენ | მძღოლის პასუხმა ყველა დაადუმა
სოციალურ ქსელში საჯარო კრიტიკა, ბოლო პერიოდში, საკმაოდ ხშირ ტენდენციაც იქცა. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა კი, ინტერნეტში Lamborghini-ის ფოტოს ვირუსულად გავრცელებას მოჰყვა. საქმე იმაშია, რომ Lamborghini შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ ადგილას იყო გაჩერებული. რა თქმა უნდა, კომენტარებმაც არ დააყოვნა და სუპერქარის მფლობელიც მალევე პლატფორმის მომხმარებლების ქარ-ცეცხლში გაეხვა.
Lamborghini Huracan LP610-4-ის სურათი, Facebook-ის ჯგუფებში ცინიკური წარწერებით გავრცელდა. ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი მაგალითად, მსგავსი შინაარსის იყო: „Lamborghini მყავს, ამიტომ გავაჩერებ როგორც და სადაც მინდა, მაშინაც კი, თუ ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადგილის წართმევას ნიშნავს“. როგორც მოსალოდნელი იყო, პოსტმა დიდი ყურადღება მიიპყრო, ათასზე მეტი კომენტარითა და გაბრაზებული რეაქციებით.
ბევრი მომხმარებელი იმასაც ამტკიცებდა, რომ Lamborghini-ის მფლობელისთვის, ადამიანისთვის, რომელსაც ექვსნიშნა ღირებულების სუპერქარის შეძენის საშუალება აქვს, უბრალოდ პარკირების ჯარიმა საკმარისი ვერ იქნებოდა. სხვები ვარაუდობდნენ, რომ ეს ადგილი მძღოლმა მანქანის დასაცავად უფრო შეარჩია, ვიდრე რეალური აუცილებლობის გამო.
თუმცა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ამბავი თავად Lamborghini-ის მფლობელამდე მივიდა. კრიტიკოსების გასაჩუმებლად კი, მან უბრალოდ მანქანასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე სუპერქარის მფლობელი ყველას ამაყად თავის ლურჯ მოწმობას და პროთეზში ჩასმულ ორივე ფეხს აჩენებს.
მან სურათი შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: „სურათი ჩემი ყველა გულშემატკივრისთვის“, რაც ერთგვარი მიმართვა იყო ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩათვალეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ასეთ ძვირადღირებულ ავტომობილს ვერ მართავდა. ამის შემდგომ, Facebook გვერდის ადმინისტრატორმა Lamborghini-ის მფლობელს ბოდიში მოუხადა და თავისი დანაშაულიც აღიარა.