აუქციონი, ფორმულა 1, კოლექცია, მაკლარენი, მაკლარენ ეფ1
Aa
Aa

აუქციონზე 20 უნაკლო McLaren-ი გამოჩნდა | კოლექცია F1-ის ლეგენდას ეკუთვნის

„ფორმულა 1“-ის გუნდის, McLaren-ის ყოფილი თანამფლობლის, მანსურ ოჯეჰის კოლექციაში, წლების განმავლობაში, თითქმის ხელუხლებელი, McLaren-ის 20-მდე ავტომობილი ირიცხებოდა. თუმცა ოჯეჰი 2021 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა და ახლა მისი ავტომობილები გასაყიდადაა გამოტანილი. წინასწარი შეფასებებით, ლოტის ღირებულებამ აუქციონზე შესაძლოა $70 მილიონს მიაღწიოს.

ოჯეჰის ოჯახმა კოლექციის გაყიდვა კლასიკური და ისტორიული ავტომობილების დილერს, ტომ ჰარტლის ანდო. სწორედ ჰარტლი ხელმძღვანელობდა გასულ წელს, „ფორმულა 1“-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ბერნი ეკლსტოუნის კოლექციის გაყიდვას, რომელშიც ჯამში 69 ავტომობილი იყო წარმოდგენილი. აღნიშნული კოლექცია Red Bull-ის მემკვიდრე მარკ მატეშიცმა შეიძინა. The Daily Mail-ის ინფორმაციით, ლოტი დაახლოებით 500 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული, რაც არსებული კურსით 646 მილიონ დოლარის ეკვივალენტია.

რაც შეეხება ოჯეჰის კოლექციას. ლოტის მთავარი ფიგურა McLaren F1-ის უნიკალურ ფერ Yquem-ში შეღებილი მოდელია, რომელსაც შემდგომში McLaren-მა Mansour Orange უწოდა. ამ უკანასკნელს მხოლოდ 1 800 კილომეტრი აქვს დაფარული. F1-ისა და P1 GTR-ის გარდა, ყველა მანქანა გამოუყენებელია და ხელუხლებელ მდგომარეობაში ინახება. თანდართულ ფოტოებზე ეს მოდელები ბაჰრეინის F1 ტრასაზეა გამოფენილი.

კოლექციის შესახებ ისაუბრა McLaren Racing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და მანსურს, F1-ის გუნდის დამფუძნებელი მამა უწოდა.  „ავტომოყვარული, მრბოლელი და McLaren-ის დიდი გულშემატკივარი. მისი კოლექცია განსაკუთრებულია, მე არ ვიცი სხვა რამ, რაც მას შეედრება“, - დასძინა ამერიკელმა, რომელსაც შთამბეჭდავი მანქანების კოლექცია აქვს.

ოჯეჰი, რომელიც 2021 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, რონ დენისთან ერთად McLaren Automotive-ის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. „ეს არის McLaren-ის საგზაო მანქანების ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია, რაც კი ოდესმე შექმნილა და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მას ერთგული მფლობელი გამოუჩნდება“, განაცხადა ტომ ჰარტლიმ ავტომობილების შესახებ. 

მსგავსი სიახლეები