Bentley-მ ლოგო მეხუთედ შეცვალა | რაზე მიგვანიშნებს კომპანია?
Bentley-ის დიზაინის დნმ ყოველთვის ავტომწარმოებლის მემკვიდრეობაზე იყო ორიენტირებული. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე მის „ფრთიან B“ ემბლემას ეხებოდა. მიუხედავად ამისა, დიდი ხნის ტრადიციებიც კი, დროის გასვლასთან ერთად ცვლილებებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ თავისი ისტორიული ემბლემის რედიზაინი გადაწყვიტა და ახალი, შინაარსობრივად დატვირთული ვერსია შემოგვთავაზა.
განახლებულ ემბლემას პირველად 8 ივლისს წარსადგენი კონცეპტუალური ავტომობილის კაპოტზე ვიხილავთ. მოდელი, რომელიც ბრენდის ახალი დიზაინის ენას იმეორებს, სავარაუდოდ სრულად ელექტრომობილი იქნება. იმავე დღეს კი, Bentley ახალი დიზაინის სტუდიის გახსნასაც გეგმავს, რომელიც გაერთიანებული სამეფოს შტაბ-ბინაში მდებარეობს.
ეს Bentley-ის ემბლემისთვის, ბრენდის 106-წლიან ისტორიაში, რიგით მეხუთე ცვლილებაა. და როგორც ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანიც. ლოგო საერთო იერსახეს ინარჩუნებს, თუმცა მარტივად შესამჩნევია, რომ ფრთებს ახლა უფრო მკვეთრი, კუთხოვანი სილუეტი აქვთ და არც წინა ვერსიების მსგავსად, ქვედა ბუმბულებს ვხედავთ.
ცენტრში განთავსებული კლასიკური B-ის დაიხვეწა, რათა მისი გამოყენება დამოუკიდებლად - ფრთების გარეშეც - შესაძლებელი იყოს. საერთო ჯამში დიზაინი ბევრად გამარტივებულია, თუმცა ფაქტია, რომ Bentley-მ ბრტყელი ლოგოების ბოლოდროინდელ ტენდენციას წინააღმდეგობა გაუწია. სამაგიეროდ, ახალი ნიშანი სამგანზომილებიან ეფექტს ინარჩუნებს.
განახლებული „ფრთიანი B“ Bentley-ის დიზაინის დირექტორის, რობინ პეიჯის მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნა. 1919 წლის ორიგინალი კი, გორდონ კროსბის მიერ იყო შექმნილი. ამის შემდეგ, ლოგო 1931, 1990, 2002 და ახლა, 2025 წელს განახლდა.
Bentley-ის ახალი ემბლემა დიზაინისა და ბრენდის ევოლუციაში ბრენდის პირველი ნაბიჯების მიმნიშნებელია. ახალი სტილისტური ენა „მომავლის ხედვის კონცეპტუალური ავტომობილით“ დაიწყება. კომპანიის განცხადებით, კონცეფცია Bentley-ის წარსულითაა შთაგონებული, თუმცა სხვა დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება. ასე, რომ სჯობს, 8 ივლისის ღონისძიებას დაველოდოთ.