არაფრიდან შექმნილი სარბოლო მანქანა
ხელნაკეთი ავტომობილები 90-იან წლებში ძალიან ხშირი შემთხვევა იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც საავტომობილო სამყაროში ენთუზიაზმი უმაღლეს მწვერვალებს იპყრობდა. მიუხედავად გამოცდილებისა და ფინანსური უზრუნველყოფისა, ყველა ცდილობდა, რომ რაიმე განსხვავებული შეექმნა. Hommell Berlinette-ი ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შეიქმნა, თუმცა გამოცდილებას რაც შეეხება, მის შემქმნელს საკმაოდ ჭარბად ჰქონდა.
Michel Hommell-ი მრბოლელი იყო და მას სარბოლო ავტომობილებში დიდი გამოცდილება ჰქონდა. შესაბამისად „გემრიელი“ სპორტული მანქანის შექმნის ფორმულა მან ძალიან კარგად იცოდა. Berlinette-ი მიშელის საკუთარ ეზოში ხელით იწყობოდა. მისი ძარა მთლიანად Fiberglass-ისგან იყო დამზადებული. ინტერიერი ყოველგვარ ზედმეტ ელექტროობას და კომფორტს იყო მოკლებული, რადგან აღნიშნული ავტომობილი მხოლოდ ტარებისგან მიღებული სიამოვნებისთვის იყო შექმნილი.
Berlinette-ს ძრავა ძარის შუაში ჰქონდა განთავსებული. იგი Peugeot 306 GTI-ის 2-ლიტრიანი აგრეგატი იყო, რომელსაც Hommell -ის პირველ მოდელებში 155 ცხენის ძალა ჰქონდა. ეს ყველაფერი 90-იანების დასაწყისში იყო, თუმცა 1997 წელს RS მოდელიც გამოჩნდა, რომელსაც 169 ცხენის ძალა გააჩნდა. ყველაზე მძლავრი მოდელი კი 2000 წელს შეიქმნა და მას RS2 უწოდეს - მას იგივე აგრეგატი ჰქონდა, თუმცა 169 ცხენის ძალის მაგივრად უკვე 200 ცხენის ძალა ჰქონდა. 980-კილოგრამიანი ავტომობილისთვის ეს მაჩვენებელი უკვე საკმარისი იყო.
Hommell Berlinette ფრანგული წარმოების ავტომობილი იყო, რომლის შემქმნელსაც ავტოსპორტში დიდი გეგმები ჰქონდა. მიშელს სურდა, რომ წრიულ რბოლებში ბიუჯეტური კლასი შეექმნა, სადაც მონაწილეობისთვის არ იქნებოდა დიდი ფინანსები საჭირო. თუმცა მისი პროექტი ყოველგვარი დაფინანსების გარეშე დაიწყო და არც წლების განმავლობაში გამოჩნდა დამხარე ძალა. სამწუხაროა, მაგრამ 2000-იანების დასაწყისში Berlinette-ის წარმოება უსახსრობის გამო შეჩერდა. თუმცა ეს მაგალითია იმისა, რომ ყველაფრის მიუხედავად მარტო დარჩენილ ენთუზიაზმს შეუძლია ჩქარი და ძალიან მართვადი ავტომობილის შექმნა.