ბიუჯეტური და დახვეწილი: 2020 წლის Mazda MX-5 Miata
მას შემდეგ, რაც 1989 წელს MX-5 Miata-ს დებიუტი შედგა, მან მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ავტომოყვარულის გული მოიგო. 2020 წელს კი ის გულშემატკივრებს იმედებს კვლავ არ უცრუებს. შასი მოქნილია, ძრავას საუკეთესო ხმა აქვს და მისი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვა ნამდვილი მხიარულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა მაინცდამაინც პრაქტიკული არ არის, ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო მართვადობას გვთავაზობს. ავტომობილი ახალია და ჯერ ყველა დეტალი ცნობილი არ არის, მაგრამ საკმარისი ვიცით იმისთვის, რომ შევაფასოთ.
რა არის ახალი 2020 წლისთვის?
Mazda-მ 2020 წლისთვის MX-5 მხოლოდ მცირედით განაახლა. მანქანას გარედან ახალი წარწერები აქვს. ექსტერიერს და ინტერიერს ფერების არჩევანი დაემატა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Miata-მ Mazda-ს i-Activsense პაკეტი მიიღო, რაც მძღოლის დამხმარე შემდეგ ფუნქციებს მოიცავს: წინა შეჯახებაზე გაფრთხილება, ავტომატური დამუხრუჭება, უხილავი წერტილის მონიტორინგი, ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება. Apple CarPlay და Android Auto Club და Grand Touring მოდელებზე სტანდარტულია.
ფასი
- Sport: $27,500
- Club: $31,210
- Grand Touring: $32,590
შუალედური ვერსია Club ყველაზე კარგი არჩევანია. მას ფასის, ფუნქციების და მაჩვენებლების საუკეთესო ბალანსი აქვს. Apple CarPlay და Android Auto სტანდარტულია. Club ვერსიაზე ავტომატური გადაცემათა კოლოფიც ხელმისაწვდომია, თუმცა, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი სახალისო სამართავია. რბილსახურავიან და ხისტსახურავიან ვერსიებს შორის არჩევანი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ძრავა და მართვადობა
Miata-ს ძრავას სასიამოვნო ხმა აქვს და აჩქარებაც კარგია. 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 181 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 5.8 წამში აღწევს.
მექანიკური გადაცემათა კოლოფი სიჩქარეებში ადვილად გადადის. ავტომატური გადაცემათა კოლოფის არჩევა შესაძლებელია. ის საკმაოდ სწრაფად და ზუსტად რეაგირებს.
ავტომობილი საკმაოდ მოქნილია. მოსახვევებს კარგად უმკლავდება. საჭის მოქმედებაზე სწრაფად რეაგირებს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უსწორმასწორო გზაზე ცოტათი ხტუნავს.
მთლიანობაში, Mazda-ს მართვადობამ შესაძლოა უფრო მოხიბლოს მძღოლი, ვიდრე სამჯერ ძვირმა ავტომობილისამ. ეს მანქანა მხიარული, უბრალო და მარტივია.
საწვავის მოხმარება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ავტომობილი მსუბუქი და უბრალოა. ამის გამო სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურია.
მექანიკური გადაცემათა კოლოფით ქალაქში 100 კმ-ზე 9.1 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ტრასაზე კი 6.9 ლიტრს.
ავტომატური გადაცემათა კოლოფი საწვავის ეკონომიას სულ ცოტათი აუმჯობესებს. ქალაქში იგივე მაჩვენებელია, ტრასაზე კი 100კმ-ზე 6.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
ექსტერიერი და ინტერიერი
Miata-ს კლასიკური როდსტერის ფორმა აქვს. კაპოტი გრძელია, საბარგული პატარა. მთლიანობაში 10-ქულიანი შეფასებიდან 8 ქულას იმსახურებს.
წინიდან მანქანას უწინდებურად მოღიმარი სახის მსგავსი ცხაურა აღარაა. გვერდიდან სარბოლო ავტომობილის შესახედაობა აქვს. ასეთი მცირე ზომის მანქანისთვის უკანა ნაწილი ზომაში ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენებათ. მდგომარეობას მრგვალი და დახვეწილი უკანა მაშუქები აუმჯობესებს.
ტენტიანი სახურავის დაკეცვა ძალიან სწრაფად და ადვილად ხდება. თუ გინდათ, რომ ამინდზე დამოკიდებული არ იყოთ, მაშინ თქვენთვის შესაფერისი RF ვერსიაა.
სალონი ხარისხიანი, მაგრამ უბრალოა. 2 ადამიანისთვის საკმაოდ კომფორტულია, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი არ ხართ. სავარძლების საფარი კომფორტული და გამძლეა. ტყავის სავარძლებიც ხელმისაწვდომია, თუმცა, მაინცდამაინც მოხიბლული არ დარჩებით. Recaro-ს სავარძლების არჩევა შეგიძლიათ, თუმცა, იმ ფასად ნამდვილად არ ღირს, რამდენის დამატებით გადახდაც მოგიწევთ.
ინტერიერში მხოლოდ მნიშვნელოვან დეტალებს თუ შეხვდებით. ზედმეტი ღილაკები თავს არ მოგაბეზრებთ. გარდა იმისა, რომ მანქანას ძალიან მცირე ზომის საბარგული აქვს, სალონში ნივთებისთვისაც ძალიან ცოტა სივრცეა. როცა საქმე საბარგულის სივრცეს ეხება, Miata Subaru BRZ-სა და Toyota 86-ს ბევრად ჩამორჩება.
მთლიანობაში ამ ავტომობილს პრაქტიკულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
მულტიმედია სისტემა
საინფორმაციო-გასართობი სისტემის სენსორული ეკრანის კონტროლს ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებული მბრუნავი ღილაკი ამარტივებს. Bluetooth-ი და CD Player-ი სტანდარტულია. Grand Touring მოდელზე ნავიგაცია სტანდარტულია, ხოლო Club მოდელებზე დილერებს Mazda SD-ს დამატება შეუძლიათ, რომელიც ნავიგაციით სარგებლობის საშუალებას იძლევა. Apple CarPlay და Android Auto Club და Grand Touring მოდელებზე სტანდარტულია.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე ფუნქციები
2020 წლის MX-5 Miata National Highway Traffic Safety Administration-სა და Insurance Institute for Highway Safety-ს ჯერ არ შეუმოწმებია, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვით. რისი თქმაც შეიძლება ისაა, რომ Miata-ზე მძღოლის დამხმარე ფუნქციები სტანდარტულია. ძირითადი სისტემებია:
- წინა შეჯახებაზე გაფრთხილების სისტემა ავტომატური დამუხრუჭებით;
- უხილავი წერტილის მონიტორინგი უკანა გადამკვეთ მოძრაობაზე გაფრთხილებით;
- ზოლიდან გადასვლაზე გაფრთხილება.
დასკვნა
2020 წლის Mazda MX-5 Miata თავისი მართვადობით ნამდვილად გამოირჩევა. ეს მანქანა უბრალო და მხიარულია. სალონში კომფორტული სავარძლები და მარტივად გამოსაყენებელი საინფორმაციო-გასართობი სისტემაა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მანქანის მთავარი უარყოფითი მხარე ყოველდღიურობისთვის არაპრაქტიკულობაა. თუმცა, სპორტული ავტომობილის მოყვარულთათვის ეს მთავარი კრიტერიუმი ვერ იქნება. მთავარია ის, რაც კაპოტის ქვეშ იმალება და იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. თუ, სპორტული ავტომობილის ყიდვა გინდათ, მაშინ ბიუჯეტური Miata კარგი არჩევანია.