Honda-მ ახალი Prelude წარადგინა | როგორია 2026 წლის მოდელი?
წლების მოლოდინებისა და წინასაწარმოო პროტოტოპების შემდეგ, Honda-მ იაპონიაში Prelude წარადგინა. იაპონური დებიუტის შემდეგ კი, ახალი მოდელი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სხვა გლობალურ ბაზრებზეც გამოჩნდება. ჰიბრიდის ღირებულება $41 700-ია, რაც მას Honda-ს ადგილობრივი პროდუქციის ხაზში ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელად აქცევს.
სპორტული დიზაინის კუპე Civic-ის შედარებით უფრო მაღალხარისხიანი, ორკარიანი ვერსიაა. მაღალი ფასი, მას სავარაუდოდ წარმადობაზე ორიენტირებული Civic Type R-ის ჰეტჩბეკის რიგებში განათავსებს.
Prelude-ის 2026 წლის მოდელი რამდენიმე, მათ შორის Flame Red, Crystal Black Pearl და Meteoroid Gray Metallic ფერებში იქნება წარმოდგენილი, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში მომხმარებელს დამატებით, $260-ის გადახდა მოუწევს. კუპე სტანდარტულად 19-ინჩიან ალუმინის დისკებზე დგას, რომელიც ცისფერი სამუხრუჭე კალიპერებით და ექსტერიერზე შესაბამისი აქცენტებითაა გაფორმებული.
შედარებისთვის, Civic e:HEV, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის იმავე ჰიბრიდული მოწყობითაა შექმნილი, იაპონიაში $27 500-დან $29 700-მდე ღირს. Civic Type R-ის ფასი $33 700-ია, Racing Black Package-ის ვერსია კი, $41 700 ღირს, რაც ზუსტად იმდენია, რამდენიც Prelude-ის ფასი.
მიუხედავად იმისა, რომ რეალურად Prelude-ს პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს, შეგვიძლია ეს მოდელი ღირებულებით რამდენიმე იაპონურ სპორტქარსაც შევადაროთ. განსაკუთრებით საინტერესო კი ის ფაქტია, რომ Nissan Fairlady Z სულ რაღაც $37 100 ღირს და თან, ტვინტურბო 3-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს - ორჯერ მეტს, ვიდრე Prelude-სგან უნდა ველოდოთ. Toyota GR Supra-ს ღირებულება კი, დაახლოებით $33 700-ია.
ინტერიერში მოდელი Honda Civic-სა და Acura Integra-ს ელემენტებს იზიარებს, თუმცა უნიკალური დეტალებითაც გამოირჩევა. განლაგება 2+2 კონფიგურაციაა, რომელიც როგორც ესთეტიკის, ასევე ფუნქციონალურობის გათვალისწინებითაა შექმნილი. პროექტის შეფუთვის ხელმძღვანელი, იოშიჰისა იანაგიმოტო, Prelude-ს აღწერს, როგორც „მანქანას, რომლის მართვაც განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად მოგინდებათ“.
ფასიდან გამომდინარე, სტანდარტული აღჭურვილობაც საკმაოდ სოლიდურია. აქცენტი კეთდება 10.25-ინჩიან ციფრული ინსტრუმენტების პანელზე, 9-ინჩიან საინფორმაციო-გასართობ დისპლეიზე, ასევე სალონში დაგხვდებათ რვადინამიკიანი Bose-ის პრემიუმ აუდიო სისტემა, გარემოს განათება, ტყავით და ზამშით გაწყობილი სავარძლები და ა.შ.
ახალი მოდელი Honda e:HEV თვითდამუხტვადი ჰიბრიდი სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც 2-ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავას ორ ელექტროძრავასთან აერთიანებს. Civic Hybrid-ის გათვალისწინებით, კომბინირებული სიმძლავრე, სავარაუდოდ, 200 ცხენის ძალა იქნება.
იმისათვის, რომ მანქანის მართვა მძღოლებისთვის უფრო საინტერესო იყოს, კომპანიამ მოდელში Honda S+ სიჩქარეებში გადართვის სისტემა დაამატა, რომელიც მექანიკური გადაცემათა კოლოფის სიმულაციისთვის ხმოვან ეფექტებსა და ე.წ. „მაბრუნი მომენტის რუკის შედგენის სისტემას“ იყენებს, რომლის საშუალებითაც ძრავის მართვის ბლოკს წამოსული სიმძლავრის კონტროლის საშუალებას აძლევს.
ცნობისთვის, ავტომწარმოებელი 2026 წლის Honda Prelude-ზე შეკვეთების მიღებას მიმდინარე წლის ხუთი სექტემბრიდან დაიწყებს. იაპონური კომპანია პირველ ეტაპად მხოლოდ 2 000 ერთეული Prelude-ის გამოშვებას აანონსებს.