ავარია, ელექტრომობილი, ტესლა, უბედური შემთხვევა, ტესლა მოდელ ესი
Aa
Aa

Tesla-ში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები ემსხვერპლნენ

Tesla-ს ელექტრომობილებში, კარის სახელურის გაუმართაობა, უკვე რამდენიმე ინციდენტის მიზეზად იქცა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა, ამერიკის შეერთებული შტატების გარეთაც, აქტუალურია. მათ შორის გერმანიაში, სადაც პოლიციამ, იმავე დეფექტს, ამ თვის დასაწყისში მომხდარი ავარიაც დაუკავშირა. შემთხვევას მძღოლი და ორი ბავშვი ემსხვერპლა.

ინციდენტი 7 სექტემბერს მოხდა. Tesla-ს ელექტრომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სწრაფადვე აალდა. ინტერნეტში გავრცელებული ფოტომასალიდან ირკვევა, რომ საქმე Model S-თან გვაქვს - მოდელთან, რომელიც იმავე ელექტრო კარის სახელურითაა აღჭურვილი. ავარიის თვითმხილველი მგზავრების გადარჩენას ეცადა, თუმცა ელექტრომობილის გაღება ვერ მოახერხა.

„მე უბრალოდ ავიღე ცეცხლმაქრი და შემთხვევის ადგილისკენ გავვარდი. მაგრამ... ამან არ უშველა“, - განუცხადა მან გერმანულ მედიას, წერს New York Post-ი. „ხალხის გადარჩენა მინდოდა. მანქანის გაღება ვცადე, თუმცა ესეც არ გამომივიდა.“

მანქანის ერთ-ერთმა მგზავრმა, 9 წლის ბავშვმა, გაქცევა მოახერხა. თუმცა მძღოლი, 43 წლის მამაკაცი და კიდევ ორი მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ ჩაქრა, რაც მანქანა სრულად განადგურდა.

ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც Model S-ის გაუმართავ კარს მსხვერპლი მოჰყვა. გამომძიებლები ამას 2019 წლის დასაწყისში მომხდარ შემთხვევასაც უკავშირებენ. Model S ხეს შეეჯახა და აალდა, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი, ავტომობილის გაღებაც ვერ მოახერხეს.

მზარდი კრიტიკისა და ზეწოლის ფონზე, Tesla აცხადებს, რომ ამჟამად კარის სახელურების ახალ დიზაინზე მუშაობს. ინჟინრები ერთღილაკიან სისტემას ქმნიან, რომელიც მექანიკურ და ელექტრონულ გამხსნელებს აერთიანებს და მანქანის გაღებას მგზავრების გარდა, მაშველებსაც გაუადვილებს.

 

მსგავსი სიახლეები