Porsche-ს მივიწყებული 8-ცილინდრიანი თანამედროვე ელფერით ბრუნდება
ცოტა ავტომწარმოებელი ან ავტომობილი თუ იმსახურებს ავტოსპორტის ოქროს ეპოქის მფლობელის ტიტულს ისე, როგორც Porsche-ს 1960-იანი წლების მსუბუქი მანქანები. Carrera GTS, უფრო ცნობილი თავისი შიდა კოდური სახელწოდებით 904, ამ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ჰომოლოგაციურ სპორტქარად რჩება.

ახლა კი, ექვსი ათწლეულის შემდეგ, ნიდერლანდურ კომპანია Aerfal Automotive-ს ამ ლეგენდის ე.წ. „რესტომოდის“ ვერსიით წარდგენა სურს - კლასიკური დიზაინის Porsche-ს დნმ-თან და თანამედროვე ინჟინერიასთან გაერთიანებით.
ხელახლა დაბადებული კლასიკა ფრანგ ავტოდიზაინერს, ალან დეროზიეს ეკუთვნის. მისივე შექმნილია Stratos-ისგან შთაგონებული Kiska APG-1 და Marc Philipp Gemballa Marsien-ი. მოდელირებაზე პასუხისმგებელი კი ანტუან ბრიგო იყო, რომელიც Avatr-ის 3D-მხატვარია.

საინტერესოა, რომ ექსტერიერში ქარხნული სტილის დიდი ნაწილი შენარჩუნებულია, მათ შორის შუაში განთავსებული ძრავის პროპორციები. თუმცა მცირე ცვლილებებია შეტანილი LED-განათების, ვინტაჟური შენადნობი დისკებისა და შემშვები მილების სახით. ინტერიერიც იმ ეპოქის დიზაინშია - მინიმალისტური ხელსაწყოთა პანელით, რეტრო ციფერბლატებით და ტყავის და ტიტანის კომბინაციით.

ცნობისთვის, 1960-იან წლებში Porsche-მ 904-ის მხოლოდ 106 ეგზემპლარი შექმნა, რაც თანამედროვე სამყაროში ამ მოდელის ქარხნული ძარის შოვნას ძალიან ართულებს. ამის გამო, ახალი ვერსიისთვის შედარებით უფრო გავრცელებული Porsche 914 გამოიყენა, რომელიც თავის დროზე 119 000 ერთეულად დამზადდა.

თუმცა, Aerfal-ის ამბიციებისთვის 914-ის მხოლოდ გარეგნული გადაკეთება საკმარისი არ აღმოჩნდა. ცვლილებებს შორისაა Multimatic-ის გაძლიერებული ძარა, Brembo-ს მუხრუჭები, Michelin-ის საბურავები. ყველზე მნიშვნელოვანი კი აღორძინებული, ლეგენდარული რვაცილინდრიანი ოპოზიტური ძრავაა, რომლის შექმნაშიც სავარაუდოდ Cosworth-იც მონაწილეობდა. ჰაერით გაგრილებადი, ატმოსფერული ძრავა 2-დან 4-ლიტრიანამდე იზრდება და სამიზნე სიმძლავრე 400 ცხენის ძალას შეადგენს.
 
                             
                                                         
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                        