ავარია, აუქციონი, სუპერქარები, ფერარი, ლამბორგინი, ლამბორგინი ჰურაკანი, ფერარი ჯითისი4ლუსო
Aa
Aa

პრემიერ ლიგის ფეხბურთელის £260 000-ად შეფასებული Ferrari-ის ნარჩენები Ebay-ზე იყიდება

„ვესტ ჰემის“ ყოფილი თავდამსხმელი, მიკაილ ანტონიო, გასულ წელს საშინელ ავტოავარიას სასწაულებრივად გადაურჩა. ფეხბურთელის სუპერქარი ხეს შეეჯახა, ხოლო ანტონიომ 45 წუთზე მეტი ავტომობილში გაატარა, სანამ მაშველები მის გამოყვანას შეძლებდნენ. სპორტსმენს ფეხი რამდენიმე ადგილას ჰქონდა მოტეხილი, ხოლო მოგვიანებით ოპერაციაც დასჭირდა.

ავარიის დროს, ანტონიო 260 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებულ Ferrari GTC4Lusso-ს მართავდა. სუპერქარი თითქმის სრულად განადგურდა და მხოლოდ ნაწილებადღა დარჩა. სწორედ ეს ნაწილები, ავარიიდან დაახლოებით 10 თვის შემდეგ, Ebay-ზე გამოჩნდა და არც ისე იაფად. Ferrari-ის ნარჩენები პლატფორმაზე თითქმის 40 000 გირვანქა სტერლინგი ღირს.

Ferrari-ის ნარჩენებს ახლა კომპანია Tylers Auto Parts UK ყიდის. ფოტოებზე ვხედავთ, რომ ნაცრისფერი სუპერქარი მნიშვნელოვნადაა შელახული, თვალსაჩინოა დაზიანებებიც, რაც გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ ამ მანქანის შეძენის სურვილი ბევრს არ გაუჩნდება. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, გაიყიდა თუ არა ასეთ მდგომარეობაში მყოფი სუპერქარი.

საინტერესოა, რომ ეს არც ანტონიოს პირველი ავარია იყო. როგორც ცნობილია 2019 წელს, შობის დღეს, ფეხბურთელმა 210 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების Lamborghini Huracan-იც დაამტვრია. Ferrari-ის მსგავსად, ეს მოდელიც ანტონიომ ნაგავში მოისროლა.

 

მსგავსი სიახლეები