სუპერქარი, იშვიათი ავტომობილები, სუპერქარები, სპორტქარი, Spyker, კლასიკა
Aa
Aa

Spyker მკვდრეთით (კიდევ ერთხელ) აღდგა და წარმოებას გააგრძელებს

ავტომოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ ადრეულ 2000-იან წლებში სპორტქარების ბაზარზე აქტიური იყო ერთი პატარა ჰოლანდიური ბრენდი, Spyker, რომელიც თავისი უნიკალური და ხშირად ექსცენტრიკული დიზაინებით კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა დგომას ყოველთვის ახერხებდა. 

მიუხედავად ამისა, კომპანიამ GM-ისგან 2010 წელს შვედური სააბი შეიძინა, საიდანაც ფინანსური პრობლემების სპირალში გადაეშვა, რაც 2014 წელს ბანკროტის გამოცხადებით დასრულდა. 2015 წელს კომპანია (თითქოს) დაბრუნდა, თუმცა 2021 წელს ისტორია განმეორდა. ფაქტობრივად, 2010-იანი წლებიდან სპაიკერს არც უარსებია...

კომპანიის მორიგ დაბრუნებას არავინ ელოდა, თუმცა სპაიკერის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ დამფუძნებელმა, ვიქტორ მიულერმა, შეძლო კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარება და ამჟამად გეგმაში წარმოების აღდგენაა.

გავრცელებული ცნობებით, კომპანიის აღდგენაში მნიშვნელოვან როლს იესპერ დენ დოპერი შეასრულებს, რომელიც თავის დროზე SpykerEnthusiast-ის მიღმა იდგა და კომპანიის არაერთი მოდელის წარმატება სწორედ მას მიეწერება.

დოპერის განცხადებით, ბრენდი ვეღარ დაიწყებს Preliator-ის, Alieron-ისა და მსგავსი კლასიკური მოდელების ხელახალ წარმოებას, რადგან "ისინი უკვე მოძველდნენ" და ახლა სპაიკერმა რაღაც ახალზე უნდა იმუშაოს. 

„შეუპოვარი ადამიანებისთვის გადაულახავი გზები არ არსებობს" — ჩვენი სლოგანი 2000-იანი წლებიდან დღეს ისეთი ჭეშმარიტია, როგორც არასდროს. ჩვენი გეგმების შესახებ უფრო დეტალურად ცოტა ხანში გამოვაცხადებთ" — ვკითხულობთ კომპანიის Facebook პოსტში.

მსგავსი სიახლეები