სუვი, ლენდ როვერი, ლენდ როვერ დეფენდერი, დამუხტვადი ჰიბრიდი, ჯილი, ჯილი ჭანგძიენ 700
Aa
Aa

ძარცვა ჩინურად — Geely-მ Land Rover Defender-ის კლონი შექმნა

ავტოსამყაროში, სადაც ბიუჯეტურ სეგმენტზე ჩინური ავტომწარმოებლები იწყებენ გაბატონებას, გამყოფი ხაზი პლაგიატსა და ინსპირაციას შორის ძალიან ბუნდოვანია... მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ვაწყდებით მოდელებს, რომლებსაც „ინსპირაციას“ ყველაზე სუბიექტური შემფასებელიც ვერ უწოდებს. 

ჩინური Zhangjian 700 სწორედ ასეთი შემთხვევაა — Geely-ის მოდელი Land Rover Defender-ს ძალიან ჰგავს... ავტომწარმოებელი ჯერჯერობით არაფერს ამბობს, თუმცა ფაქტია, მოდელი ბრიტანულად უფრო გამოიყურება, ვიდრე ჩინურად — მოდელების მაშუქები, ფაქტობრივად, იდენტურია, ისევე როგორც დღისით მოძრაობის ფარები. მეტიც, Zhangjian 700-ში, ერთი შეხედვით, პირდაპირაა გადმოტანილი Defender-ის ცხაურაც, თუმცა ამ შემთხვევაში, განსხვავებულია ბრენდის ლოგოტიპის პოზიცია (დიდი შეღავათი)...   

დეჟა ვუ გრძელდება ფრთებზეც, სადაც ჰაერის შემშვებების პოზიციონირება ერთნაირია, ფორმები კი სულ ოდნავ განსხვავებულია. რაც შეეხება კორპუსს, ის ჩინურ მოდელშიც კუთხოვანია, იმ განსხვავებით, რომ Defender-ი მაინც უფრო ელეგანტურად გამოიყურება. 

ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს კონტრასტული თეთრი სახურავი, ორ ფერში გადაწყვეტილი დისკები და სათადარიგო საბურავის სამაგრი, რომელიც ჩინური მოდელის შემთხვევაშიც საბარგულზეა განლაგებული. 

რაც შეეხება ინტერიერს, ფოტოებიდან მაინცდამაინც დეტალურ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, თუმცა შესამჩნევია ბერკეტის სტილის სიჩქარეთა გადამრთველი, რომელიც ტყავითაა მორთული. მის გვერდით კი ლითონის ღილაკებს ვხედავთ, რომელთაგანაც ერთ-ერთი მართვის რეჟიმების შესაცვლელად გამოიყენება.

Geely დეტალებზე ბევრს არ საურბობს, თუმცა განაცხადეს, რომ მოდელს ინტეგრირებული კარკასი და სამი ელექტროძრავით აღჭურვილი სრული ამძრავობის ჭკვიანი სისტემა აქვს. დიდი ალბათობით, მოდელი დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება — წარსულში გავრცელებული ცნობებით, ის, სავარაუდოდ 1.5 ან 2-ლიტრიანი ძრავითა და 70 კვტ.სთ-იანი ბატარეით იქნება აღჭურვილი. 

Geely Zhangjian 700-ის ოფიციალური წარდგენა მომავალ წელს Auto China-ზე გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები