ბენზინი, სანავთობო კრიზისი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო, კონფლიქტი ირანში
Aa
Aa

IEA მთავრობებს ურჩევს, რომ საწვავის მოხმარების შესამცირებელი ზომები მიიღონ

ირანში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელმაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვები მნიშვნელოვნად შეაფერხა, საწვავის ბაზრებზე სრული ქაოსი გამოიწვია — შედეგად, სანავთობო კრიზისი მივიღეთ. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად ზოგ ქვეყანას მოუწოდა, რომ შეამცირონ სიჩქარის ლიმიტები და ავტომობილის მართვაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესონ.

 

ასევე იხილეთ: ეკონომიურად მართვის რჩევები

 

საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, სრულმასშტაბიანი კრიზისის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია იმ ზომების ნაწილის მიღება, რომლებიც Covid-19-ის პანდემიის დროს მიიღეს, რათა მაღალი ფასები და მიწოდების შეფერხებებისგან გამოწვეული პრობლემები გადაილახოს. IEA მოუწოდებს მთავრობებს, რომ წაახალისონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და მოუწოდონ მოსახლეობას, რომ დროებით თავი შეიკავონ ხშირი ფრენებისგან. 

მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში აცხადებენ, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე საწვავის დეფიციტი არ უდგას, თუმცა ტრანსპორტის დეპარტამენტი ენერგიის უსაფრთხოების დეპარტამენტთან აქტიურად მუშაობს, რათა შეიმუშავონ ნავთობზე მოთხოვნის შემცირების შესაძლო ზომები. 

თუ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა IEA-ს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და, ცუდ შემთხვევაში, კრიზისის წინაშე დადგება, უპირატესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიენიჭება — შესაძლოა, კერძო ავტომობილების მძღოლებს ერთ ვიზიტზე შესაძენი საწვავის მაქსიმალური ზღვარი დაუწესდეთ... თუმცა, პანიკაში ნუ ჩავარდებით, ეს ჯერ კიდევ ძალიან შორეული საფრთხეებია.

DESNZ-ში (Department for Energy Security and Net Zero) ამბობენ, რომ საწვავის გაყიდვა სტანდარტულად გაგრძელდება, რათა პანიკა არ დაითესოს და მოსახლეობამ ბენზინისა და დიზელი მომარაგება არ დაიწყოს — ეს სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. მეტიც, გაერთიანებული სამეფოს ნავთობის იმპორტის უდიდესი ნაწილი აშშ-დან და ნორვეგიიდან მოდის, შესაბამისად, ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე მეტისმეტად დამოკიდებული არ არის.

მსგავსი სიახლეები