საქართველო, თბილისი, გზების მშენებლობა, თბილისის შემოვლითი გზა
Aa
Aa

როგორი იქნება და სად გაივლის თბილისის აეროპორტი-რუსთავის ახალი გზა

თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის ღირებულება 15.137 მლნ აშშ დოლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული მონაკვეთები მოიცავს თბილისის აეროპორტიდან ლოჭინის გადასაჯდომამდე და ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ჯამურად, ორივე ლოტის სიგრძე 18.9 კმ-ია.

დღეს არსებული გზათა ქსელი, რომლის გაუმჯობესებაც პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი, მოიცავს:

  • აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს - კახეთის გზატკეცილს, რომელიც თბილისს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილთან აკავშირებს;
  • ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს - საერთაშორისო მაგისტრალს European route E60, რომელიც შავი ზღვის მიმართულებასა და რუსეთთან კავშირს უზრუნველყოფს.

ამ ორი დერეფნის გადაკვეთის წერტილი სწორედ ლოჭინის სატრანსპორტო კვანძია. დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს ახალი ტრასის მშენებლობას, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს წვდომა ისეთ სტრატეგიულ ობიექტებთან, როგორებიცაა:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;
  • ინდუსტრიულ ზონები;
  • საბაჟო ტერმინალები;
  • კომერციულ ობიექტები.

საერთაშორისო ტენდერის თანახმად, მე-4 ლოტმა უნდა უზრუნველყოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით სწრაფი სატრანსპორტო დერეფნის მოწყობა და ამავდროულად, გააუმჯობესოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ურბანული გზა.

ახალი ხიდები და 3-ზოლიანი გზა - როგორი იქნება აეროპორტი–რუსთავის მონაკვეთი

მე-4 ლოტის საერთო სიგრძე დაახლოებით, 8.7 კმ-ია. გზის ნაწილი აეროპორტიდან ლოჭინამდე გაფართოვდება 3+3 ზოლამდე, ხოლო დანარჩენი მონაკვეთი ორმხრივი მაგისტრალი იქნება. პროექტის მიხედვით, გზაზე გადაადგილების სიჩქარე 120 კმ/სთ-ს მიაღწევს.

რაც შეეხება მე-5 ლოტს, ის თბილისის შემოვლითი გზის ყველაზე სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს, რომელიც დედაქალაქის აღმოსავლეთ მხარეს, ურბანული ტერიტორიის გარშემო გაივლის.

მისი სიგრძე დაახლოებით 10.2 კილომეტრია და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა უზრუნველყოს რუსთავისა და თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს შორის სწრაფი კავშირი. ტექნიკური პარამეტრების თანახმად, დაგეგმილია არსებული გზის გაფართოება, სადაც მოეწყობა ორმხრივი, ორზოლიანი (თითოეული 3.75 მეტრი) ავტომაგისტრალი. გზის საპროექტო სიჩქარედ 120 კმ/სთ-ია განსაზღვრული.

აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 3 ორმაგ ხიდს (თითო მიმართულებისთვის) და 3 ერთმაგ ხიდს მეორეხარისხოვან გზებსა და გზაჯვარედინებზე (გადასასვლელები). პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2 მრავალდონიანი გზაგამყოფი კვანძის მოწყობა.

ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) მნიშვნელოვან ნაწილს. თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) ჯამში, დაახლოებით 49 კილომეტრია და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტი შემდეგ ტერიტორიებს მოიცავს: ნატახტარი (წიწამური)-ავჭალის მონაკვეთი; ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთი; აეროპორტი-ლოჭინის უბნის მონაკვეთი; ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთი.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები