თბილისი, გზების რეაბილიტაცია, თბილისის მერია, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისის შუა რიცხვებიდან იგეგმება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყება 2026 წლის მაისის შუა რიცხვებიდან იგეგმება. ამის შესახებ bm.ge გიორგი ტყემალაძეზე დაყრდნობით წერს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა თბილისის მერიის მიერ 20 თებერვალს გამოცხადებული 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთმა კომპანიამ არ გამოთქვა და წინადადებები არ წარდგენილა.

როგორც მერიის წარმომადგენელმა bm.ge-ს განუცხადა, ეს ბუნებრივი პროცესია და უახლოეს დღეებში ტენდერები კორექტირებული თანხით ხელახლა გამოცხადდება. მისივე თქმით, სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში უნდა დაიწყოს.

„ეს ბუნებრივი პროცესია — ხშირ შემთხვევაში, გარკვეული პროექტი შეიძლება ჩავარდეს, თუმცა უახლოეს დღეებში ახალი ტენდერები გამოქვეყნდება. ჩვენი გეგმით, სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დაიწყება, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი და ახალი სასწავლო წლისთვის, სექტემბერ-ოქტომბერში, პროცესი უკვე დასრულებული იყოს. შესაბამისად, უახლოეს დღეებში გამოცხადებული ახალი ტენდერი აუცილებლად ჩატარდება“, — აღნიშნა ტყემალაძემ bm.ge-სთან საუბრისას.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2025 წელს იგეგმებოდა, რისთვისაც 28 მილიონი ლარის ღირებულების ოთხი კონტრაქტი გაფორმდა. თუმცა, გასული წლის მარტში სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ განიმარტა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა, ტენდერები კი 2026 წლიდან თავიდან გამოცხადდებოდა.

წყარო: bm.ge

მსგავსი სიახლეები