ჩინური ელექტრომობილები, ლიპმოტორი, სპეციალური მოდელი, ლიპმოტორ სი10
Aa
Aa

Leapmotor C10-ის სპეციალური გამოშვება უჩვეულოდ მძლავრი და Tesla Model Y-ზე იაფია

სტანდარტული Leapmotor C10 სრულად ელექტრო SUV-ია, რომელიც დიდად არაფრით გამოირჩევა — არც მართვის სასიამოვნო გამოცდილებით და არც დიდებული დიზაინით — მიუხედავად ამისა, მისი სისწრაფე მშვენიერია და ფასიც ძალიან ბიუჯეტური... 

ამჯერად, ჩინურმა ბრენდმა C10-ის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, პრეტენზია მძღოლების აღფრთოვანებაზე ჰქონდეს. 

Leapmotor C10 AWD Sports+ Special Edition-ად ცნობილი მოდელი, რომელიც ბრენდმა ავსტრალიაში წარადგინა, ძალიან მძლავრია და ამის გათვალისწინებით, ფასი აბსურდულად დაბალია... სტანდარტული C10-ისგან განსხვავებით, რომელსაც ერთი 215-ცხენისძალიანი ელექტროძრავა აქვს და 320 ნიუტონს გამოიმუშავებს, AWD Sports+ ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი — შესაბამისად, სიმძლავრე 590 ცხ.ძ-ს უტოლდება, ხოლო მაბრუნი მომენტი 760 ნიუტონს. 

შედარებისთვის, თავდაპირველი Lamborghini Huracan LP 610-4 დაახლოებით იდენტურ 602 ცხ.ძ-სა და 560 ნიუტონს გამოიმუშავებდა, ხოლო LP 580-2 572-ცხენისძალიანი იყო. Leapmotor-ის ცნობით, ბრენდის ახალ ფლაგმანს 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, სულ რაღაც, 4 წამში შეუძლია — ეს ძალიან შთამბეჭდავი შედეგია, თუმცა, ალბათ, დასახელებული რიცხვების გათვალისწინებით, უკეთეს შედეგს ველოდით. 

პერფორმანსზე არანაკლებ შთამბეჭდავია C10 AWD Sports+-ის ფასიც — ის 37 600$ ეღირება, სულ 7 000$-ით მეტი, ვიდრე სტანდარტული მოდელი. ეს ფაქტი სხვა ჩინურ ავტომწარმოებლებსაც უხერხულ ვითარებაში აყენებს: BYD Sealion 7 Performance-ი C10-ს პერფორმანსით ჩამოუვარდება და 7 000$-ით უფრო ძვირიც ღირს...

ავტომობილი 81.9 კვტ.სთ-იანი ბატარეებითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 437 კილომეტრის გავლა შეუძლია... პრობლემას არც სწრაფი დამუხტვა წარმოადგენს — 30-დან 80%-მდე მუხტის მისაღებად, ავტომობილს სულ 22 წუთი სჭირდება... 

ერთი სიტყვით, ელექტრომობილების ჩინური მწარმოებლები უკვე აღარ ხუმრობენ და ადგილობრივი გიგანტების ჩრდილში ახალი გოლიათებიც იბადებიან... 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები