ავტონომიური მანქანები უკვე აქ არიან — იხილეთ Mercedes-ისა და Stellantis-ის პროექტები
Stellantis-მა 2025 წლის სტარტზე თავისი მე-3 დონის ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემა გაურკვეველი ვადით თაროზე შემოდო, თუმცა ამას კომპანიისათვის ხელი არ შეუშლია „რობოტაქსების“ პროექტზე მუშაობაში. კორპორაცია, რომლის ქოლგის ქვეშაც Dodge, Alfa Romeo, Fiat, Jeep და სხვა არაერთი ავტომწარმოებელი ერთიანდება, პარტნიორობას აფორმებს Uber-თან, Foxconn-თან და Nvidia-სთან, რათა სრულად ავტონომიური მანქანები შექმნან და განავითარონ.
ერთი შეხედვით, ეს მართლაც დიდებული პარტნიორობაა, რადგან Stellantis-ის ავტომშენებლობაში გამოცდილებისა და Nvidia-ს ხელოვნური ინტელექტის სინთეზმა დადებითი შედეგი უეჭველად უნდა დადოს... ამასთან, Foxconn-ის ელექტრონული სისტემები და Uber-ის საერთაშორისო წვდომა ფაზლს იდეალურად ავსებენ. რობოტაქსები პლატფორმა STLA Small-ისა და K0 საშუალო ზომის ფურგონების ბაზაზე შეიქმნება — ასეთებს მიეკუთვნებიან Citroën SpaceTourer, Peugeot Expert, Opel Traveller/Vauxhall Vivaro და Fiat Scudo. 
Nvidia Drive AGX Hyperion 10 არქიტექტურა, რომელიც როგორც DriveOS, ისე Drive AV ოპერაციულ სისტემებს შეიცავს, რობოტაქსებს მე-4 დონის ავტონომიურობას მიანიჭებს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, რობოტაქსები წარმოებაში 2028 წლისთვის ჩაეშვებიან და თავდაპირველად, მათ აშშ-ში ვიხილავთ. პირველ ეტაპზე, ოპერირებას 5000 უმძღოლო ავტომობილი დაიწყებს.
„ავტონომიური მართვა აღებს კარს ახალი, მომხმარებლისათვის გადაადგილების უფრო ხელმისაწვდომი არჩევანისკენ. ჩვენ შევქმენით AV-Ready Platform-ები რათა დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა და AI-ის, ელექტრონიკისა და სატრანსპორტო სერვისების წამყვან მიმწოდებლებთან პარტნიორობით, ვგეგმავთ, შევქმნათ მასშტაბური პროდუქტი, რომელიც ყველა მომხმარებელს უფრო ჭკვიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ტრანსპორტირებით უზრუნველყოფს" — განაცხადა Stellantis-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტონიო ფილოსამ.
Stellantis-ს არც მერსედესი ჩამორჩება
როგორც Nvidia-ს მიერ გავრცელებული ცნობებიდან ვიგებთ, მომდევნო S კლასი მე-4 დონის ავტონომიურობით იქნება აღჭურვილი და მძღოლი არ დასჭირდება — იქნება მდიდრული, უსაფრთხო და სრულად ავტონომიური. 

ეს დიდი ნახტომია, რადგან აქამდე ეს სისტემები, როგორც წესი, რობოტაქსებისთვის იყო განკუთვნილი და არა კერძო ავტომობილებისთვის.
გერმანული ავტომწარმოებლის ეს გადაწყვეტილება თამაშის წესებს ცვლის და უშუალო კონკურენტებს ტექნოლოგიურ რბოლაში ჩამორჩენილად გამოაჩენს.
მართლაც, Nvidia Drive AGX Hyperion 10 თვითმართვადი ავტომობილების მომავალია, რომლის ოპერირებაშიც ჩართულია მაღალი გარჩევადობის 14 კამერა, 12 ულტრაბგერითი სენსორი და 9 რადარი. კომპანიის განცხადებით, Hyperion 10 საშუალებას მისცემს განსხვავებული ინტერესების მქონე ავტომწარმოებლებს, რომ ტექნოლოგია უნიკალურად „მოირგონ“. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ავტონომიური მანქანები უკვე კარზე აკაკუნებენ და არსად წასვლას არ აპირებენ.