ილონ მასკი, ელექტრომობილი, ტესლა, საიბერთრაქი, ტესლა საიბერთრაქი
Aa
Aa

ტუნერი Tesla-ს Cybertruck-ის გადარჩენას სთავაზობს | თუმცა მხოლოდ ამ პირობებით

ამერიკული ტუნერი Unplugged Performance ილონ მასკის კომპანია Tesla-ს Cybertruck-ის წარმოების გაგრძელების გეგმას სთავაზობს. კომპანია მზადაა, ელექტროპიკაპის წარმოება სრულად გადაიბაროს და ამისთვის გარე ინვესტორებისგან დაფინანსებაც მოიზიდოს. ინიციატივის მიზანი Cybertruck-ის ბაზარზე შენარჩუნებაა.

ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

Unplugged Performance, რომელიც წლებია Tesla-ს ელექტრომობილებისთვის მოდერნიზებულ და დამცავ პაკეტებზე მუშაობს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში Tesla-სგან ელექტროპიკაპის წარმოების ლიცენზიის გადაცემას ითხოვს.

შეთავაზება მას შემდეგ გაკეთდა, რაც Tesla-მ Cybertruck-ის წარმოების 2027 წლის ზაფხულის ბოლომდე გაგრძელების გეგმა დაადასტურა. თავდაპირველი გეგმით, მოდელის წარმოება 2027 წლის შუა პერიოდში უნდა შეჩერებულიყო. Unplugged Performance-ის შეთავაზება წარმოების დამოუკიდებლად დაფინანსებას გულისხმობს. კომპანია Tesla-სგან პასუხს ელექტროპიკაპის წარმოების დასრულებამდე ელოდება.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს Cybertruck-ის პროექტს და სიამოვნებით ავიღებდით საკუთარ თავზე ელექტროპიკაპის წარმოებას. პროექტს ინვესტორთა ჯგუფის დაფინანსებით განვაგრძობდით ისე, რომ Tesla-ს საწარმოო სივრცე, თანამშრომლები და ზედამხედველობაც კი არ დაგვჭირდებოდა“, — წერს კომპანია.

შეთავაზება მხოლოდ Cybertruck-ის წარმოების ლიცენზიის მიღებას ითვალისწინებს. Unplugged Performance ხარჯების დასაფარად გარე ინვესტორებს მოიზიდავს, Tesla კი თითოეული წარმოებული ელექტროპიკაპიდან სალიცენზიო გადასახადს, ასევე Full Self-Driving-ის სისტემისა და Robotaxi-ს ქსელის გამოყენებით მიღებულ შემოსავალს მიიღებს.

ამასთან, ამერიკული ტუნერი Cybertruck-ის ბაზაზე სხვა მოდელების შექმნასაც განიხილავს. მათ შორისაა სამრიგიანი, შვიდადგილიანი SUV სახელწოდებით CyberSUV და უპილოტო პიკაპი CyberCargo. საინტერესოა, რომ ორივე იდეა Tesla-ს მიერ ადრე განხილულ კონცეფციებს ეფუძნება, თუმცა მასკის კომპანიას არცერთი მათგანი არ განუხორციელებია.

Unplugged Performance-ის შეფასებით, ერთი საწარმოო პლატფორმა სამ განსხვავებულ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა: პიკაპების არსებულ მომხმარებლებზე, შვიდადგილიანი SUV-ის პოტენციურ მყიდველებსა და Robotaxi-ს ქსელისთვის განკუთვნილი ყველგანმავლების ბაზარზე.

კომპანიის განცხადებით, Cybertruck-ის წარმოებისთვის საჭირო კადრების მოძიებაც არ გაუჭირდება. მათივე ინფორმაციით, Tesla-ს ყოფილმა თანამშრომლებმა უკვე გამოთქვეს პროექტში მონაწილეობის სურვილი, თავად Unplugged Performance-ს კი გამოცდილი გუნდი ჰყავს. ასე რომ, კომპანიის განცხადებით, ყველაფერი მზადაა — ტუნერს მხოლოდ Tesla-ს თანხმობა სჭირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები