რჩევები, კვლევა, ძრავის ზეთი
Aa
Aa

ზეთის შეცვლა ყოველ 8 000 კილომეტრში აუცილებელია? რას გვირჩევენ სპეციალისტები

ავტომოყვარულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი საკითხი ალბათ მაინც ძრავაში ზეთის შეცვლის პერიოდია. მძღოლთა ნაწილი მწარმოებლის რეკომენდაციებს მიჰყვება და ზეთს ყოველ 32 000 (დაახლოებით) კილომეტრზე ცვლის, ზოგიც მიიჩნევს, რომ ძრავის დასაცავად 8 000-კილომეტრიანი ინტერვალი უნდა დაიცვან. თუმცა რეალურად, სწორი ინტერვალი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

ასევე იხილეთ: ძრავის მოვლისთვის საჭირო რჩევები

წლების წინ ავტომობილებისთვის ყოველ 4 800 კილომეტრზე (3 000 მილი) ზეთის შეცვლა სტანდარტული პრაქტიკა იყო. თუმცა გასული საუკუნის შუა პერიოდში გამოყენებული ზეთები და ძრავები თანამედროვეებთან შედარებით ნაკლებად დახვეწილი იყო. მრავალსეზონიანი ზეთის შემადგენლობაში არსებული დანამატები დროთა განმავლობაში ეფექტიანობას კარგავდა, რის გამოც ძრავის დაცვის უნარი მცირდებოდა და ზეთის შეცვლაც უფრო მოკლე ინტერვალებით იყო საჭირო.

აქედან გამომდინარე, თუ დღესაც თქვენს შედარებით ძველ ავტომობილში ამ ტიპის ზეთს გამოიყენებთ, შესაძლოა მისი გამოცვლა ყოველ 8 000 კილომეტრზე მოგიწიოთ და არა, დავუშვათ, 16 000 კილომეტრზე.

განსხვავებული ვითარება გვაქვს თანამედროვე ავტომობილებში. 1980-იან და 1990-იან წლებში თხელი, 100%-ით სინთეტიკური ზეთების პოპულარობა გაიზარდა. ამ ტიპის ზეთები მაღალ ტემპერატურასა და ხანგრძლივ დატვირთვას უკეთ უძლებენ და საჭირო თვისებებსაც უფრო დიდხანს ინარჩუნებენ. სწორედ ასეთ ზეთებს იყენებენ ავტომწარმოებლები ახალი თაობის მოდელებში. შედეგად, რეკომენდაციასაც გასცემენ, რომ ზეთის შეცვლა 32 000 კილომეტრამდე საჭირო არ არის.

ნახევრად სინთეტიკური ზეთებიც უფრო გამძლეა, ვიდრე ძველი ტიპის ყველა სეზონისთვის განკუთვნილი ზეთები. თუმცა 100%-ით სინთეტიკურ ზეთებთან შედარებით ისინი უფრო სწრაფადაც კარგავენ თვისებებს. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) რეკომენდაციით, ასეთი ზეთის შეცვლა ყოველ 9 600 კილომეტრზეა მიზანშეწონილი.

თუმცა მხოლოდ მაღალი ფასის მქონე სინთეტიკური ზეთის გამოყენება არ ნიშნავს, რომ ავტომობილის მართვა ამ დადგენილი პერიოდებით უსაფრთხო იქნება. ზეთის გამძლეობა ავტომობილის გამოყენების პირობებზეც არის დამოკიდებული.

მაგალითად, შევადაროთ ორი ავტომობილი — თუ ერთი ძირითადად ხანგრძლივ მარშრუტებზე მოძრაობს, მეორე კი ყოველდღიურად მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს გადის ქალაქში, განსხვავებასაც მივიღებთ. პირველ შემთხვევაში ძრავა სათანადოდ თბება და ზეთი სტაბილურ პირობებში მუშაობს. მეორე ავტომობილის ძრავა კი ხშირად ვერ ასწრებს სამუშაო ტემპერატურამდე გათბობას. შედეგად, ზეთი უფრო სწრაფად ბინძურდება და თვისებებს კარგავს.

ამასთანავე, სპეციალისტები მძღოლებს ურჩევენ, ზეთის შეცვლისას ავტომწარმოებლის ოფიციალური რეკომენდაციით იხელმძღვანელონ. მოკლე მანძილებზე ხშირი გადაადგილება, საცობებში მოძრაობა და ძრავის არასაკმარისად გათბობა შესაძლოა მწარმოებლის კლასიფიკაციით მძიმე ექსპლუატაციის პირობებად ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში კი, როგორც გითხარით, ზეთის უფრო მოკლე ინტერვალებით შეცვლა იქნება საჭირო.

მაგალითად, Stellantis-ის SRT მოდელებში, მათ შორის Dodge Challenger Hellcat-ში, ძრავაში ზეთის შეცვლისთვის რეკომენდებულ მანძილად 9 600 კილომეტრია განსაზღვრული ან/და ექვსი თვე. თუმცა არც ისაა სიმართლე, რომ თუ წელიწადში მხოლოდ, დავუშვათ, 4 000 კილომეტრს გადიხართ, ზეთის შეცვლაც საჭირო არ არის. ზეთი დროთა განმავლობაში საჭირო თვისებებს იმ შემთხვევაშიც კარგავს, თუ ავტომობილი ხანგრძლივი პერიოდითაა გაჩერებული ან საერთოდაც არ გამოიყენება.

ასე რომ, ისეთ სენსიტიურ საკითხთან გასამკლავებლად, როგორიც ძრავის ზეთის გამოცვლაა, გირჩევთ, ყველა შესაძლო მოქმედი ფაქტორი გაითვალისწინოთ, ავტომობილი კარგად შეამოწმოთ და აუცილებლად მწარმოებლის მანუალსაც მიჰყვეთ. ეს ძრავის შესაძლო დაზიანებას და პოტენციურ მაღალ ხარჯებს მომავალში თავიდან აგარიდებთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები