Koenigsegg-ი, Supra, EQS-ი | Nvidia-ს ყოფილი CEO-ს ჯენსენ ჰუანგის ავტომობილების კოლექცია
NVIDIA-ს თანადამფუძნებელსა და ამ ეტაპისთვის უკვე ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ჯენსენ ჰუანგს, საინტერესო პირად ცხოვრებასთან ერთად არანაკლებ საინტერესო საავტომობილო გემოვნებაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჰუანგს უმეტესად პირადი მძღოლი ემსახურება, წარსულში მილიარდერი არაერთ საინტერესო მოდელს ფლობდა.
ასევე იხილეთ: რა მანქანებს ფლობდნენ ცნობილი ადამიანები გამდიდრებამდე?
მართალია, ჰუანგის ავტოკოლექციიდან დადასტურებულად მხოლოდ რამდენიმე მოდელის ჩამოთვლა შეგვიძლია, თუმცა გარკვეულ შთაბეჭდილებას ესეც შეგვიქმნის. მაგალითად, Toyota Supra, რომელიც მისი ნიშნობის დღეს განადგურდა.
მეოთხე თაობის Toyota Supra-ზე ჰუანგს წარსულში თავადაც არაერთხელ უსაუბრია. მათ შორის, Acquired-ის პოდკასტში, რომლის წამყვანებიც თავად დაინტერესდნენ, კვლავ ჰყავდა თუ არა მილიარდერს იაპონური მოდელი.
ჰუანგის თქმით, ეს ავტომობილი მისთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან იყო დაკავშირებული. მილიარდერმა გაიხსენა, რომ ის და მისი მეუღლე, ლორი, 1984 წელს, შობის დღესასწაულზე დაინიშნენ, რის შემდეგაც სახლში თავისი ახალი Supra-თი ბრუნდებოდნენ. თუმცა მგზავრობა ავარიით დასრულდა და ავტომობილიც სრულად განადგურდა.

ჰუანგმა Supra-ს თავისი ერთ-ერთი საყვარელი ავტომობილიც უწოდა და თქვა, რომ ავარია მანქანის ბრალი არ ყოფილა. ავტომობილი გზის მოყინულ საფარზე მოსრიალდა და გზიდან გადავარდა. ავარია იმდენად მძიმე იყო, რომ მაშველებს ლორის ავტომობილის ნამსხვრევებიდან გამოსაყვანად მანქანის გაჭრა მოუწიათ. ორივე მათგანი გადარჩა, თუმცა Supra მთლიანად განადგურდა.
ჰუანგის კოლექციაში გვხვდება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მოდელი, რომელიც ამჯერად შვედურ მწარმოებელ Koenigsegg-ს ეკუთვნის. ერთ-ერთ ინტერვიუში NVIDIA-ს თანადამფუძნებელმა გაიხსენა, რომ ამ ბრენდის ავტომობილს ფლობდა, თუმცა მოგვიანებით გაყიდა. თავად ჰუანგს მოდელი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბიზნესმენის საკუთრებაში 2008-2013 წლებში Koenigsegg CCX იყო.

Koenigsegg CCX შვედურმა მწარმოებელმა 2006 წელს ჟენევის ავტოშოუზე წარადგინა. მოდელი 4.7-ლიტრიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი და მისი სიმძლავრე 800 ცხენის ძალას აჭარბებდა. 2006 წელს, მისი გამოშვების პერიოდში, სუპერქარის ფასი $695 000-ს შეადგენდა. თუმცა, მაგალითად, 2021 წელს RM Sotheby's-ის აუქციონზე 2008 წლის Koenigsegg CCX $1.215 მილიონად გაიყიდა.
ჰუანგის თქმით, მისი შვედური მოდელი განსაკუთრებული სიმძლავრით გამორჩეული ავტომობილი გახლდათ. მოდელი იმდენად მძლავრი იყო, რომ დასაქოქად რამდენიმე ეტაპის გავლაც კი სჭირდებოდა, რადგან მისი მართვა ნებისმიერ ადამიანს არ უნდა შეძლებოდა. ჰუანგმა ასევე აღნიშნა, რომ ძრავის დაქოქვისას ავტომობილი ბეტმობილის მსგავს ხმას გამოსცემდა. საუბარში მან Koenigsegg-ის დიზაინერი და დამფუძნებელი, კრისტიან ფონ კენიგსეგიც შეაქო.

მიუხედავად იმისა, რომ ჰუანგი წარსულში ამ ავტომობილებს თავად მართავდა, დღეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მას მძღოლი ემსახურება. ამის შესახებ მან Acquired-ის პოდკასტში ისაუბრა. კითხვაზე, რომელი ავტომობილია მისი ყოველდღიური გადაადგილების საშუალება, NVIDIA-ს თანადამფუძნებელმა Mercedes-Benz EQS დაასახელა და გერმანულ ელექტროსედანს დადებითი შეფასებაც მისცა.
საინტერესოა, რომ EQS Mercedes-Benz-ის სრულად ელექტრო ფლაგმანური მოდელია. ჰუანგმა ასევე ხუმრობით აღნიშნა, რომ ავტომობილი NVIDIA-ს ტექნოლოგიებსაც იყენებს. თუმცა ინტერვიუში მას არ დაუდასტურებია, რომ EQS პირადად მის საკუთრებაშია.
Mercedes-Benz-თან დაკავშირებული კიდევ ერთი საინტერესო ისტორია S-Class-ს შეეხება. ერთხელ ჰუანგმა ღიად თქვა, რომ თავისი მშობლებისთვის S-Class-ის ყიდვას ნანობდა.

საქმე იმაშია, რომ 1999 წელს, კომპანიის აქციების საჯაროდ განთავსებიდან (IPO) მალევე, აქციონერების წლიური შემოსავალი 30%-დან 37%-მდე გაიზარდა. ამ უზარმაზარი მატების შემდეგ ჰუანგმა აქციების ნაწილი გაყიდა და მშობლებს მდიდრული Mercedes S-Class-ი უყიდა.
„ჩემი ერთადერთი სინანული IPO-ს უკავშირდება — მინდოდა, მშობლებისთვის რაიმე კარგი მეყიდა. ამიტომაც NVIDIA-ს აქციები მაშინ გავყიდე, როდესაც კომპანიის შეფასება $300 მილიონი იყო. ამას ისინიც ნანობენ, თუმცა მანქანა დღემდე ჰყავთ“, — თქვა ჰუანგმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს