ქვეშეთი–კობის გზაზე ხიდის 300-მეტრიანი თაღის მშენებლობა დასრულდა
ქვეშეთი-კობის გზის ყველაზე რთული ნაგებობის — 300-მეტრიანი ხიდის თაღის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდის საერთო სიგრძე 437 მეტრი იქნება, სიმაღლე ხეობის ფსკერიდან კი — 166 მეტრი. ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს. პროექტის მომდევნო ეტაპზე მოეწყობა ბურჯები, ხოლო შემდეგ მალის ნაშენი აშენდება — კონსტრუქცია, რომელზეც გზა გაივლის.
ცნობისთვის, ქვეშეთი–კობის პროექტი 23-კილომეტრიანი, 2-ზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. დამატებით, ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციაც იგეგმება. ასევე დასრულებულია 9-კილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა.
ახალი გზა დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს დააკავშირებს. „ხადის ხეობის სოფლების მოსახლეობას ზამთარშიც უფრო საიმედო საგზაო კავშირი ექნება, სატრანზიტო ტრანსპორტი კი გუდაურის საკურორტო ზონას გვერდს აუვლის“, — ვკითხულობთ დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს უკვე დასრულდა ხიდის მთლიანად მოწყობა, რაც ერთ-ერთი ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტა იყო ამ პროცესში. მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და 2028 წლის ბოლოსთვის ჩვენ უკვე [ქვეშეთი-კობის] გზის საბოლოოდ გახსნას შევძლებთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკონომიკური სიძლიერისთვის და მისი სატრანზიტო ფუნქციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ქვეყნის ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან გუდაურამდე და თბილისიდან სტეფანწმინდამდე ჩასვლის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. კერძოდ, ოფიციალური განცხადების თანახმად, თბილისიდან გუდაურამდე ჩასვლა 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო თბილისიდან სტეფანწმინდამდე, 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათსა და 45 წუთში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს