მექანიკური გადაცემათა კოლოფი, სუბარუ, სუბარუ დაბლიუ არ იქს ესტიაი
Aa
Aa

Subaru-მ WRX STI Sport R-ში მექანიკური გადაცემათა კოლოფი დააბრუნა

Subaru-მ გულშემატკივრების გახარება გადაწყვიტა და თანამედროვე WRX-ის ყველაზე საინტერესო და სრულფასოვან STI ვერსიასთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდიფიკაცია — WRX STI Sport R წარადგინა. იაპონიის ბაზრისთვის განკუთვნილი სედანი წინა თაობის STI-სგან ნასესხები მძიმე დატვირთვაზე გათვლილი 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით, ბრუნვების სინქრონიზაციის სისტემითა და გაუმჯობესებული სავალი ნაწილით აღიჭურვა.

ასევე იხილეთ: ცუნამს გადარჩენილი ლურჯი Subaru - ავტოპორტრეტი

აქამდე იაპონიაში VB თაობის WRX-ის სამი სატერფულით შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სტანდარტული ხაზი მხოლოდ ვარიატორით შემოიფარგლებოდა, ხოლო მექანიკური WRX STI Sport# მხოლოდ 600 ეგზემპლარად გამოვიდა და ისიც ლატარიის პრინციპით გაიყიდა. მომხმარებელთა მაღალმა მოთხოვნამ კომპანიას სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგა.

პროექტი მას შემდეგ დაიწყო, რაც Subaru-მ აღმოაჩინა, რომ დიდი ხნის წინ წარმოებიდან მოხსნილი VA თაობის WRX STI-ის გადაცემათა კოლოფის საწარმოო ხაზი კვლავ ფუნქციონირებდა. ბრენდმა სასწრაფოდ შეკრიბა სპეციალური საინჟინრო ჯგუფი და ახალ მოდელში ამ კოლოფის უმოკლეს დროში ინტეგრაცია დაავალა.

დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები

ახალი STI Sport R-ი ვიზუალურად ძალიან ჰგავს წინამორბედ STI Sport-სა და ამერიკულ სპეცვერსია WRX tS-ს — ავტომობილს გამოარჩევს 19-დუიმიანი გლუვი ნაცრისფერი ალუმინის დისკები, ოქროსფერი Brembo-ს სუპორტები, მუქი გამოსაბოლქვი მილები და სპოილერი, რომელსაც STI-ის წითელი ემბლემა ამშვენებს. სურვილის შემთხვევაში, დილერთან სპეციალური აეროდინამიკური კომპლექტის დამატებაც შესაძლებელია.

სამწუხაროდ, აგრეგატის სიმძლავრე უცვლელი დარჩა — 2.4-ლიტრიანი ტურბინიანი ოპოზიტური ძრავა კვლავ 271 ცხენის ძალასა და 375 ნიუტონს გამოიმუშავებს. თუმცა, ინჟინრებმა აგრეგატის კალიბრაცია განაახლეს, რათა აქსელერატორზე რეაგირება ბევრად უფრო მყისიერი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ მექანიკურმა კოლოფმა ავტომობილს 50 კილოგრამი მოაკლო — WRX STI Sport R 1560 კილოგრამს იწონის, რაც ზუსტად ემთხვევა STI Sport#-ის მაჩვენებელს.

სავალი ნაწილი მოიცავს Bridgestone Potenza S007 საბურავებს, ელექტრონულად მართვად ZF ამორტიზატორებსა და პერფორირებულ Brembo-ს სამუხრუჭე დისკებს. სალონში გვხვდება Ultrasuede-ის ტყავი წითელი ნაკერებით, 12.3-დუიმიანი ციფრული მაჩვენებელთა დაფა და 11.6-დუიმიანი მულტიმედია მონიტორი. მსურველთათვის ხელმისაწვდომია STI-ის ბრენდირებული Recaro-ს სავარძლები და Harman Kardon-ის აუდიოსისტემაც.

ფასი და სამომავლო გეგმები

იაპონიაში WRX STI Sport R-ზე შეკვეთების მიღება 19 ნოემბერს იწყება. ავტომობილის საწყისი ფასი დაახლოებით 34 300 დოლარია, რაც მნიშვნელოვნად იაფია ამერიკულ WRX tS-ზე, რომლის ფასიც 44 995 დოლარიდან იწყება. 

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა აშშ-ის ბაზარი (რომელიც Subaru-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია) TY85 კოლოფსა და ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას. თუმცა ცნობილია, რომ Subaru ექსპერიმენტებს განაგრძობს — ცოტა ხნის წინ ნიურბურგრინგზე დაგრძელებული უკანა ნაწილის მქონე საიდუმლო WRX-ის პროტოტიპიც შენიშნეს.

Subaru-მ WRX STI Sport R-ში მექანიკური გადაცემათა კოლოფი დააბრუნა — ფოტო 1
Subaru-მ WRX STI Sport R-ში მექანიკური გადაცემათა კოლოფი დააბრუნა — ფოტო 2
Subaru-მ WRX STI Sport R-ში მექანიკური გადაცემათა კოლოფი დააბრუნა — ფოტო 3

ახალი WRX STI Sport R ერთ-ერთია იმ სამი მექანიკური მოდელიდან, რომელსაც Subaru მომავალ წლამდე წარადგენს — დანარჩენი ორი მსუბუქი, გაუმჯობესებული აეროდინამიკის მქონე BRZ და ჯერჯერობით უსახელო ხუთკარიანი ჰეჩბეკი იქნება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები