Toyota მდიდრულ ავტომობილებს უბრუნდება — ნახეთ, როგორი იქნება ახალი Century Coupe
Toyota Century ლეგენდარული იაპონური სედანია, რომელსაც ავტომობილების ისტორიაში საკუთარი ადგილი ამაყად უჭირავს, თუმცა, როგორც ჩანს, Toyota გეგმავს, ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადოს. Japan Mobility Show-ზე იაპონურმა ავტომწარმოებელმა Century-ის ცალკე ბრენდად გამოყოფა დააანონსა. გეგმა მარტივი და თამამია — დაამკვიდროს კომპანია მდიდრული ავტომობილების წარმოების მაღალ ეშელონებში და კონკურენცია გაუწიოს ისეთ გიგანტებს, როგორებიც Rolls-Royce და Bentley არიან. მარკის ფლაგმანი Century Coupe იქნება.
ტოიოტამ Century Coupe რამდენიმე კვირის წინ დააანონსა. შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, რომ მოდელის დიზაინი მკვეთრად განსხვავდება ყველა ავტომობილისგან, რომელსაც სახელი Century უტარებია. მნიშვნელოვან დეტალებს კომპანია, ჯერჯერობით, არ ახმაურებს — შესაბამისად, არ ვიცით, როდის და სად გაიყიდება ახალი მდიდრული მანქანა.
ექსტერიერი ნარინჯისფრის ულამაზეს ტონშია გადაწყვეტილი და საღებავის, სულ მცირე, 60 ფენაა გამოყენებული. ამ სახელის წარსულში მატარებელი სედანებისგან განსხვავებით, ახალ Century-ს მხოლოდ ორი კარი და ორი სავარძელი ექნება. რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, დამიჯერეთ, მისი მსგავსი აქამდე არაფერი გინახავთ.
მძღოლის სავარძელი დანარჩენი სალონისგან ხის კონსოლითა და წითელი ლაზერების კედლითაა გამოყოფილი. ფუტურისტული დიზაინის საჭე, ციფრული ინსტრუმენტები და ელეგანტური სავარძლები კი კაბინაში ძალიან მყუდრო გარემოს ქმნის.
გარდა ამისა, Toyota-ს ინჟინრებმა გადაწყვიტეს, მგზავრის სავარძელი შედარებით უკან მიეწიათ, რაც საინტერესო გადაწყვეტაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, მძღოლი ჰყავდეთ და მაქსიმალურად კომფორტულად გადაადგილდებოდნენ. სხვა მხრივ, სალონი არაერთი ძვირადღირებული დეტალითაა მორთული და ხელსაწყოთა პანელის ცენტრში ციფერბლატიან საათსაც ვხვდებით.
Century-ს სხვა მოდელები
Coupe-სთან ერთად, აწ უკვე Toyota-ს ქოლგის ქვეშ მოღვაწე დამოუკიდებელმა ბრენდმა, კიდევ 4 ახალი მოდელი წარადგინა — მათ შორის, Century-ის აღდგენილი სედანები, ისევე როგორც მათი GR-ბრენდირებული ვერსია და სპორტული უნივერსალი.
„Century საავტომობილო მწვერვალზე დგას — ეს ავტომობილი საკუთარ კლასს აყალიბებს. ის იქნება ბრენდი, რომელსაც მსოფლიო გაიცნობს როგორც იაპონიის სულს, იაპონიის სიამაყეს", — განაცხადა Toyota-ს თავმჯდომარემ, აკიო ტოიოდამ.