Gymkhana ყველაზე გიჟური მოდელით დაბრუნდა | და თან დაფრინავს
„ეს BRAT წარმოუდგენელი სიგიჟეა - საუკეთესო გაგებით. მასში ვინტაჟური Subaru-ს სული თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთიანდება, რათა შეძლოს ის, რაც ამ დრომდე Gymkhana-ს არცერთ მანქანას გაუკეთებია“, - თქვა ცნობილმა ავტომოყვარულმა ტრევის პასტრანამ და ამით, Gymkhana-ს დაბრუნების შესახებ გვაცნობა. დიახ, ფრენჩაიზი Aussie Shred-ით ბრუნდება, რომლის მთავარი გმირიც 1978 წლის მოდიფიცირებული Subaru Brat იქნება.

მოდიფიცირებულ მოდელზე სახელწოდებით Brataroo, ტუნინგ კომპანია Vermont SportsCar-მა იმუშავა და ლეგენდარული Brat-ის განახლებული ვერსიაც შემოგვთავაზა - 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 670 ცხენის ძალასა და 680 მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს და წარმოუდგენელ, 9 500 ბრ/წთ-მდე ბრუნავს. ეს არის ყველაზე მაღალი ბრუნთა რიცხვი, რომელიც ამ დრომდე Gymkhana-ს რომელიმე ავტომობილში გვინახავს. ძრავიდან წამოსული სიმძლავრე კი, ავტოსპორტის სპეციფიკაციების დიფერენციალების მეშვეობითა და 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით, ოთხივე ბორბალზე ნაწილდება.
VSC-მა Brataroo-ს ძარა კარბონისგან და მსოფლიო რალის ჩემპიონატის (WRC) სტანდარტების შესაბამისად შექმნა, რის შედეგადაც მოდელის წონა მნიშვნელოვნად შეამცირა. სარბოლო ავტომობილების შესაბამისად, სალონი დამცავი კარკასითა და VSC-ის მიერ დაპროექტებული ძარითაა გამაგრებული.

Gymkhana-ს მანქანისთვის უჩვეულოა, თუმცა Brataroo აქტიურ აეროდინამიკასაც გვთავაზს: ორი უკანა ფრთა – ერთი მაღალი სიჩქარისთვის, მეორე კი გიჟური ტრიუკებისთვის. ხოლო წინა სავენტილაციო ჟალუზისებრი ცხაურები წინ ან უკან მოძრაობენ, რათა „ფრენის“ (რა თქმა უნდა არა თვითმფრინავივით) დროს მანქანის ბალანსი შენარჩუნდეს.

ასე რომ, დიახ - ის არა მხოლოდ მებრძოლია, არამედ ფრენის უნარიც აქვს... ამ მანქანას ტრიუკების დროს ფრენაც შეუძლია. „მისი ყველა ნაწილი შექმნილია იმისთვის, რომ ყველა დაბრკოლებას გაუძლოს და თან იფრინოს... ეს უდავოდ Gymkhana-ს ყველაზე გიჟური მანქანაა, რომელიც ოდესმე შეგვიქმნია“, - დასძინა პასტრანამ. ამ ყველაფერს კი ჩვენი თვალით, წლევანდელი SEMA-ს დასრულების შემდგომ ვიხილავთ.