13 ნოემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ, 13 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე - თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა 13 ნოემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. ოფიციალური განცხადების თანახმად, „რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით ავტომობილები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ“.
იმავე დღეს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება მეტეხის ხიდზე, 10:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში. კერძოდ, 13 ნოემბერს გადაადგილებაზე შეზღუდვა ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთზე იმოქმედებს, ასევე მარჯვნივ მოხვევა აიკრძალება გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის და გადაადგილება შეიზღუდება ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. ცნობისთვის, ამ პერიოდში წრიული მოძრაობა უცვლელი დარჩება.
შეზღუდვის მოქმედების მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა კოტე აფხაზის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით იქნება დაშვებული.