ვიდეოთამაში, გრანდ სიფთ აუტო, ჯეტეა
Aa
Aa

GTA-ს მანქანა რეალობად იქცევა | უნიკალურ SUV-ს GTA VI-ის გამოსვლისას წარადგენენ

GTA Online-ს ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილი მალე მხოლოდ ვირტუალური სამყაროსთვის აღარ იარსებებს. ექსკლუზიური ავტომობილების ლატვიაში დაფუძნებულმა მწარმოებელმა, DARTZ Vehicles-მა, უცნობი დამკვეთისთვის GTA Online-იდან ცნობილი HVY Nightshark-ის რეალური და უნიკალური ვერსიის შექმნა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ: წინასწარი შეკვეთების დაწყებამდე: რა ეღირება და როდის გამოვა GTA VI

პროექტის შესახებ დეტალები ამ ეტაპისთვის საკმაოდ მწირია, თუმცა ცნობილია, რომ ავტომობილი სპეციალურად მხოლოდ ერთი კერძო დამკვეთისთვის დამზადდება. DARTZ-ის ინფორმაციით, პროექტი უბრალოდ ვიდეოთამაშიდან აღებული მანქანის ასლი არ იქნება და არც ფილმისთვის შექმნილი დეკორაცია. ამის ნაცვლად, ლატვიური კომპანია სრულფასოვან ავტომობილს შემოგვთავაზებს, რომელიც გზებისთვის გამოსაყენებლად მზად იქნება.

DARTZ Vehicles-ის რეალური ავტომობილი 2017 წელს GTA Online-ში წარმოდგენილი HVY Nightshark-ის დიზაინის მიხედვით შეიქმნება. თამაშში ის შეჯავშნული SUV-ია, აგრესიული დიზაინით. საინტერესოა, რომ თვითონ Nightshark-ის დიზაინი მნიშვნელოვანწილად DARTZ-ის მოდელების დიზაინიდანაა აღებული. მაგალითად, ამ ავტომობილის ექსტერიერზე მუშაობის დროს DARTZ Kombat-ისა და Prombron Black Shark-ის დიზაინის დეტალები გამოიყენეს.

საკმაოდ დიდი მსგავსებაა Nightshark-ისა და DARTZ-ის Black Alligator-ის უკანა მხარეს შორის. ხოლო გვერდზე განთავსებული გამონაბოლქვი სისტემა DARTZ Kombat Aladeen Edition-ითაა შთაგონებული. ეს უკანასკნელი საშა ბარონ კოენის მონაწილეობით გადაღებულ ფილმში „დიქტატორი“ (The Dictator) ვიხილეთ.

დაახლოებით ცხრა წლის განმავლობაში HVY Nightshark-ი მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში არსებობდა. თუმცა, დამკვეთის სურვილის შესაბამისად, ის უკვე რეალურ ავტომობილად იქცევა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, უცნობ დამკვეთს მათთვის მხოლოდ ვიდეოთამაშის მონაწილე ავტომობილის კოპირება არ უთხოვია.

„კლიენტს არ უთხოვია, პიქსელები გადმოგვეკოპირებინა. მან გვთხოვა, აგვეშენებინა ის, რადაც ეს პიქსელები ცდილობდნენ ქცევას“, — განაცხადეს კომპანიაში.

DARTZ-ის ინფორმაციით, ავტომობილის ოფიციალური დებიუტი GTA VI-ის გამოსვლის კვირაში შედგება. შედეგად, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, GTA VI 2026 წლის 19 ნოემბერს გამოვა და ავტომობილსაც რამდენიმე დღეში ვიხილავთ. DARTZ-ის ცნობით, ეს მოდელი კომპანიის დიზაინისა და საინჟინრო გადაწყვეტილებების შესაბამისად შეიქმნება, თუმცა, რა თქმა უნდა, მის დიზაინზე GTA-ს ვერსია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები