ლონდონის მასშტაბური სპეცოპერაცია: ჩამორთმეულია $5-მილიონიანი Monza და კიდევ 90 ავტომობილი
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ, დედაქალაქის ცენტრში, კერძოდ კი, ყველაზე მდიდარ უბნებში, მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. რეიდების ფარგლებში, ლონდონის რამდენიმე უბანში, სამართალდამცველებმა არაერთი ძვირად ღირებული და ეგზოტიკური ავტომობილი ამოიღეს, მათ შორის ყველაზე დიდი სიურპრიზი Ferrari Monza SP2, $5 მილიონად შეფასებული ჰიპერქარი და მისი, მართვის მოწმობის არმქონე მძღოლი აღმოჩნდა.

სპეცოპერაციის მიზანი დაუზღვეველი ავტომობილების გამოვლენა და კონფისკაცია იყო. ასევე, რეიდებმა მოიცვა ის პირები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევაში არიან შემჩნეულნი და ისინიც, ვინც ქალაქის ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილებისას მოსახლეობას აწუხებს.
ეს კონკრეტული Ferrari Monza SP2, რომლის საბაზრო ღირებულებაც $5 მილიონს აღწევს, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სულ რაღაც ერთი დღის შემოყვანილი იყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, მძღოლს ჰიპერქარი სულ რაღაც ნახევარი საათის ჩაბარებული ჰქონდა, რა დროსაც იგი გააჩერეს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ Monza-ს მძღოლს არც დაზღვევა ჰქონდა და თან, დროებითი მართვის მოწმობით გადაადგილდებოდა. ეს უკანასკნელი ოფიციალური დოკუმენტია, თუმცა შეზღუდვებითა და რიგი მოთხოვნებით, გაიცემა იმ პირებზე, ვინც ჯერ კიდევ სწავლობს ავტომობილის მართვას ან ახალი აღებული აქვს მართვის მოწმობა.

შედეგად, იტალიელების სპიდსტერი 7-დან 9 აგვისტომდე ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციების ყველაზე გახმაურებულ და ძვირად ღირებულ „მსხვერპლად“ იქცა.
საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა პირებს $10.8 მილიონზე მეტის ღირებულების 90 ავტომობილი ჩამოართვეს. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, როგორც რაოდენობრივად, ისე ფინანსურად — მსგავსი ტიპის ოპერაციების 5-წლიანი არსებობის მანძილზე. შედარებისთვის, გასულ წელს 72 ავტომობილის კონფისკაცია მოხდა.

ჩამორთმეულ მდიდრულ ავტომობილებს შორისაა: Lamborghini Revuelto და Lamborghini Urus; Rolls-Royce Cullinan; Porsche 911 GT3; Bentley Continental; ასევე Range Rover-ის, BMW-სა და Mercedes-ის მოდელები.
სპეცოპერაციების დროს, სამართალდამცველებმა მათთვის მინიჭებული ახალი უფლებამოსილებაც გამოიყენეს — წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ადგილზევე ჩამოართვან ავტომობილი მძღოლს. ამ წესით 15 მანქანა იქნა კონფისკირებული.

საინტერესოა, რომ რეიდების დროს სამართალდამცავებმა სხვა დანაშაულებიც გამოავლინეს. მაგალითად, დააკავეს მამაკაცი, რომელსაც სხვის სახელზე გაცემული 19 საბანკო ბარათი აღმოაჩნდა. ასევე, კიდევ ერთი მძღოლი, რომელიც დაუზღვეველი ავტომობილით გადაადგილდებოდა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.