Zeekr-ი დასამუხტ სადგურთან აალდა | კომპანია მძღოლის მიერ დამალულ ავარიაზე საუბრობს
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ჩინური ელექტრომობილი Zeekr 7X დასამუხტ სადგურზე მოულოდნელად ალდება. კადრებს მალევე სოც. ქსელების მომხმარებლების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. შემთხვევის გამომწვევ მიზეზად უმეტესობა ელექტრომობილის ბატარეის გაუმართაობას ასახელებდა, მანამ, სანამ კომპანიამ ოფიციალური განცხადება არ გამოაქვეყნა.

უსაფრთხოების კამერების მიერ დაფიქსირებული კადრებიდან ჩანს, რომ ინციდენტის დროს ელექტრომობილის მძღოლი ავტომობილთან სიახლოვეს იმყოფება. სადგურზე კი დამატებით რამდენიმე სხვა EV-იცაა განთავსებული დასამუხტად. თუმცა, ეს კონკრეტული Zeekr-ი, რომელიც ალდება, დასამუხტ პორტთან შეერთებული არაა. კადრებში ასევე ჩანს, რომ თვითმხილველმა, რომელიც სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლია, ცეცხლის ლოკალიზება ცეცხლმაქრით შეძლო, მოგვიანებით კი ადგილზე სამაშველო სამსახურიც გამოჩნდა.
ბუნებრივია, გაჩერებული ელექტრომობილის მოულოდნელი აალება ის რეკლამა არაა, რომელიც კომპანიას სჭირდება. ამიტომაც Zeekr-მა, რომელიც ჩინეთში ჰიბრიდებისა და პრემიუმ ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელია, გადაწყვიტა, ფაქტზე მყისიერი რეაგირება ჰქონოდა. ჩინურმა კომპანიამ პირველადი მოკვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც ოფიციალური განცხადების მეშვეობით საზოგადოებას გააცნო. მიმართვაში ვკითხულობთ:
 
„პირველადი მოკვლევით დადგინდა, რომ ეს კონკრეტული Zeekr 7X წარსულში ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე იყო. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ელექტრომობილს Zeekr-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში შემოწმება არ გაუვლია და არც [იმავე სერვისცენტრებში] შეკეთებულა“.
 
ამ ეტაპზე უცნობია ის კონკრეტული მიზეზი, რამაც ელექტრომობილის აალება გამოიწვია. თუმცა, მარტივი სათქმელია, რომ პრობლემა დაზიანებულ ელემენტთან იქნება კავშირში — მაგრამ, თავდაპირველი ვარაუდებისგან განსხვავებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ელემენტი ქარხნულად იყო გაუმართავი. ყოველ შემთხვევაში, თავად ავტომწარმოებელი ავარიის შედეგად წარმოქმნილ დაზიანებაზე საუბრობს და, თავის მხრივ, მძღოლის მოვალეობაზეც მიუთითებს, შესაბამისი სერვისისთვის Zeekr-ის ავტორიზებულ ცენტრს მიმართა.
ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?
უნდა ითქვას, რომ ეს ინციდენტი Zeekr-ისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან დროს მოხდა. ჩინური კომპანიების უმრავლესობის მსგავსად, Zeekr-მაც თავდაპირველად მხოლოდ შიდა ბაზარზე გაფართოების შემდეგ, საზღვარგარეთულ ბაზრებზეც დაიწყო აგრესიული ექსპანსია. ავსტრალიის შემდეგ ბრენდი უკვე ევროპის ბაზარზეც შევიდა, სადაც ევროპელ კონკურენტებთან შედარებით ხელმისაწვდომი პრემიუმ ელექტრომობილებითა და ჰიბრიდებითაა წარმოდგენილი.