არაგვის ხიდზე სატვირთოების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადადის
არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება.
დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილების დაგეგმვისას მოძრაობის დროებითი სქემა გაითვალისწინონ.
„აღნიშნულ მონაკვეთზე, განსაკუთრებით სეზონურად, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობა ფიქსირდება. მაღალი დატვირთვის პირობებში ხიდის სავალ ნაწილზე დროთა განმავლობაში წარმოიქმნება დაზიანებები, რომელთა აღმოფხვრაც პერიოდულ შეკეთებას საჭიროებს. მსგავსი სამუშაოების ჩატარება მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას და, შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადის შეფერხებას იწვევს“, — ვკითხულობთ უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, მოძრაობაზე შესაძლო შეფერხების პრევენციისთვის, მიიღეს გადაწყვეტილება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი დროებით ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდეს.
მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ღამის 12 (00:00) საათიდან სატვირთო ავტოტრანსპორტი ისარგებლებს ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით:
აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილების მოძრაობა არსებული რეჟიმით გაგრძელდება. მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის კი ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფალი იქნება და გადაადგილება არსებული რეჟიმით, 60 კმ/სთ სიჩქარით გაგრძელდება.
ცნობისთვის, მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 70-იან წლებში აშენდა და მისი ფუნქციონირებისთვის აღდგენითი სამუშაოები რეგულარულად ტარდება. მზარდად ინტენსიური მოძრაობის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობაზე გადაწყვეტილება წინასწარ მიიღო. ახალი ხიდის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.