კარები არ გაიღო და ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა | Tesla-ს ისევ უჩივიან
Tesla-ს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების ნუსხას კიდევ ერთი მიემატა — ამჯერად, შემთხვევა ტრაგიკულია და, შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხით კომპანიის მიერ შერჩეულ დიზაინთან მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება...
მოსარჩელე მხარის ცნობით, 2018 წლის Model 3-ის კარების ელექტრო სახელურები შეჯახების შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ერთ-ერთმა მგზავრმა ავარიის შედეგად გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწია და დაიღუპა. რასაკვირველია, ეს ამერიკული მწარმოებლისთვის მნიშვნელოვანი თავის ტკივილია, რადგან უსაფრთხოების ზომების ხელახალ შესწავლას საჭიროებს.
საგზაო შემთხვევა 2023 წლის 7 იანვარს, ტაკომაში, ვაშინგტონის შტატში მოხდა, როცა ჯეფრი დენისი მეუღლესთან ერთად მგზავრობდა — მოულოდნელად მათი Tesla Model 3 აჩქარდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. შეჯახებიდან მალევე, ელექტრომობილს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ადგილზე მყოფმა არაერთმა გამვლელმა სცადა, კარები გაეღო და დაშავებული მგზავრები ავტომობილიდან გადმოეყვანა, თუმცა ბატარეის გათიშვის გამო, ტესლას კარის სახელურები არ მუშაობდა.
პრობლემურია ისიც, რომ ამ პირებმა ვერც ავტომობილის შუშის ჩამტვრევა შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის ბეისბოლის ჯოხის გამოყენება სცადეს. საბოლოოდ, წყვილის აალებული მანქანიდან გამოყვანა მაინც გახდა შესაძლებელი, თუმცა ვენდი დენისი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა, მისმა მეუღლემ კი ფეხების მძიმე დამწვრობა მიიღო. 
სარჩელში ასევე ვკითხულობთ, რომ Model 3-ის დეფექტური სახელურების შესახებ Tesla-მ იცოდა, თუმცა საჭირო ზომები არ გაატარა და პოპულარული ელექტრომობილის გაყიდვა გააგრძელა. დაზარალებული აცხადებს იმასაც, რომ უნდა ამუშავებულიყო საავარიო ავტომატური დამუხრუჭების სისტემაც, როცა ავტომობილი ენერგოგადამცემი ბოძისკენ მიმართული ტრაექტორიით აჩქარდა.
ჯეფრი დენისი მეუღლის გარდაცვალებისა და მის მიერ მიღებული მუდმივი ტრავმების გამო ამერიკული კომპანიისგან კომპენსაციის გადახდას ითხოვს.