ახალი ჰიბრიდული Ford Maverick 100კგ-ით უფრო მძიმე, თუმცა 1 წამით უფრო სწრაფია
Ford Maverick ქართული ბაზრისათვის ნაკლებად ცნობილი მოდელია, თუმცა აშშ-ში ეს კომპაქტური პიკაპი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს — ამერიკელ მძღოლებს შეუძლიათ, შეიძინონ როგორც ტურბოჩაბერვის მქონე, ბენზინზე მომუშავე მოდელი, ან მეტად მოკრძალებული ჰიბრიდი. წარსულში ეს უკანასკნელი (ჰიბრიდული პიკაპი) მხოლოდ წინა ამრავი იყო, თუმცა 2025 წლიდან, Ford-მა Maverick-ის დიზაინის ცვლილებასთან ერთად, ჰიბრიდული ვერსია სრულად ამძრავი გახადა. Car and Driver-ის ტესტერებმა სრულად ამძრავი ჰიბრიდული პიკაპი გამოცადეს და აღმოაჩინეს, რომ ის იმაზე ბევრად სწრაფია, ვიდრე ელოდნენ. 
ალბათ, პიკაპების მფლობელების უმრავლესობას ნაკლებად აინტერესებს, რამდენად მალე ჩქარდება მათი ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე, თუმცა ვისაც ზემოთ აღნიშნულ ცვლილებამდე Maverick უტარებია, განსხვავებას ნამდვილად შეამჩნევდა. 2022 წლის Maverick XLT hybrid 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 7.7 წამს ანდომებდა, თუმცა 2025 წლის მოდელს ამისათვის სულ რაღაც 6.7 წამი დასჭირდა. აღსანიშნავია ის, რომ ამ მოდელის წონა წინა ვერსიას თითქმის 100 კილოგრამით აღემატება.
რა ქმნის განსხვავებას?
რა არის მიზეზი იმისა, რომ ახალი მევერიკის აჩქარება წინა მოდელისას აღემატება? შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სრული ამძრავობის დამსახურებაა, თუმცა პიკაპის მოკრძალებული სიმძლავრე (191 ცხენის ძალა) ნიშნავს იმას, რომ წესით, ადგილიდან დაძვრისა და აჩქარების პრობლემა არც წინა ამძრავ ვერსიას უნდა ჰქონოდა. საიდუმლო, სავარაუდოდ ბევრად ძლიერ ელექტრო ძრავაში უნდა ვეძიოთ. აჩქარების ზრდის მიუხედავად, ოდნავ გაუარესდა საწვავის ეკონომიის მაჩვენებელი (ყოველ ას კილომეტრზე, დაახლოებით, ნახევარი ლიტრით მეტს წვავს).

თქვენი გადასაწყვეტია, რაზე გააკეთებთ აქცენტს, ჰიბრიდულ თუ შიგაწვის ძრავაზე, თუმცა შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ Ford Maverick გაწბილებულს არ დაგტოვებთ.