ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 16-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ცნობილია, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის მიმართულებაზე გზის განახლება ორი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ეს უკანასკნელი კმ178-დან კმ185-მდე და კმ186-დან კმ192-მდე მონაკვეთებს მოიცავს.

სამუშაოების შედეგად, ცემენტ-ბეტონის ახალი საფარი მოეწყო, ამასთან ერთად კი, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და მოწესრიგდა ზაგაროს უღელტეხილზე მდებარე ეკლესიასთან მისასვლელი გზა.
„ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზები ერთმანეთს ზაგაროს უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკავშირდება. ეს გზები ერთიანდება ყველაზე მოკლე მარშრუტში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო და ზემო სვანეთს, რაც საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, პროექტის საერთო ღირებულება 27.9 მილიონი ლარია და არსებული გეგმებით, ის მნიშვნელოვნად გაზრდის მთიანი რეგიონების ეკონომიკურ, ტურისტულ და საკურორტო პოტენციალს.