აუქციონი, კლასიკური ავტომობილები, პონტიაკ ფაიარბერდი, ფორდ მოდელ თი, ფორდ როსტერი
Aa
Aa

ფასი 50 ცენტიდან | კლასიკური ავტომობილების აუქციონი იწყება

ყველა ავტოკოლექცია განსაკუთრებულია, თუმცა ის, რომელსაც ბორნების ოჯახი ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა, გაცილებით მეტია. ამ კოლექციას ბორნების ოჯახი სამი თაობის განმავლობაში აგროვებდა, საბოლოოდ კი ასობით ძველ კლასიკურ მოდელსა თუ სატვირთო ავტომობილს მოუყარა თავი.

ახლა ეს, წლების განმავლობაში ნაგროვები ავტომობილები აუქციონზე გაიყიდება. VanDerBrink Auctions კოლორადოს შტატის ერთ-ერთ ქალაქში 19 სექტემბერს გაიმართება და Born Family Collection-ის დაახლოებით 300 ავტომობილს, სარეკლამო აბრასა და საავტომობილო მემორაბილიას გაიტანს გასაყიდად.

კოლექცია მისი ამჟამინდელი მფლობელის გარდაცვლილ მამასა და ბაბუას ეკუთვნოდათ. ისინი, თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად, ათწლეულების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდნენ და სხვადასხვა აუქციონებზე ძველ ავტომობილებს ყიდულობდნენ.

კოლექციაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ძველი თაობის Ford-ებს ვხვდებით, მათ შორისაა 1912 წლის Model T Touring, რამდენიმე ეგზემპლარი Model A-ც, სპეციალურად მოდიფიცირებული 1932 წლის Ford Roadster-ი და 1930-იანი და 1940-იანი წლების არაერთი კუპე, სედანი, პიკაპი თუ აღსადგენად მზა პროექტი.

ავტომობილების ნაწილი რესტავრირებულია, თუმცა კოლექციის საკმაოდ დიდი რაოდენობა მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, მათ ახალ მფლობელებსაც მანქანების აღსადგენად დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ. მათ შორისაა 1933 და 1935 წლების კუპეები, 1934 წლის სამფანჯრიანი კუპე, 1934 წლის სასკოლო ავტობუსი, 1936 და 1937 წლების Ford-ები, სატვირთოები და 1940-იანი წლების ავტომობილები.

ოჯახის კოლექცია მხოლოდ Ford-ებით არ შემოიფარგლება. საინტერესო მოდელები დახვდებათ Chevrolet-ის მოყვარულებსაც. აქვეა 1931 წლის სედანები, 1955 წლის NAPCO-ს პიკაპი, 1964 წლის Bel Air-ი და რამდენიმე ძველი სატვირთოც კი. გარდა ამისა, აუქციონზე წარმოდგენილი იქნება 1957 წლის Pontiac Super Chief Wagon, 1961 წლის Oldsmobile 98 Two-Door Hardtop-ი, 1958 წლის Dodge Wagon-ი, 1974 წლის Pontiac Firebird Esprit-ი, Henry J-ის მოდელები…

თუმცა ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც ფასებია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ავტომობილზე ვაჭრობა მხოლოდ 50 ცენტიდან დაიწყება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 1930-იანი წლების კლასიკურ ავტომობილს თქვენ ცენტებში იყიდით. რეალური ფასი ვაჭრობის შედეგად განისაზღვრება.

მსგავსი სიახლეები