პიკაპი, SAIC, დიზელის ძრავა, ჩინური, დამუხტვადი ჰიბრიდი, Santana
Aa
Aa

Santana Motors ბრუნდება — ესპანური კომპანია ჩინელებთან ითანამშრომლებს

რამდენს გეცნობათ Santana Motors? ალბათ არავის, თუმცა ეს კარგად დავიწყებული ესპანური ბრენდი 1950-იან წლებში ოფიციალური ლიცენზიით Land Rover-ებს აწყობდა და ევროპაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში ყიდდა. 1980 წლებში კი Suzuki-სთან პარტნიორობაში, საკუთარი მოდელების წარმოება დაიწყო.

1990-2000-იანი წლების მიჯნაზე, ავტომწარმოებელს ფინანსური პრობლემები შეექმნა, 2011 წელს კი გაკოტრდა და წარმოება საბოლოოდ შეაჩერა.

როგორც სათაურიდან მიხვდებოდით, ცოტა ხნის წინ Santana გაცოცხლდა და ლინარესში Dongfeng/Zhengzhou Nissan Z9-ის რებრენდირებული ვერსიების, 400D-ისა და 400 PHEV-ის წარმოება დაიწყო.


400D-ს 2.3-ლიტრიანი დიზელის ძრავა აქვს, რომელიც 188 ცხ.ძ-სა და 500 ნიუტონს გამოიმუშავებს. მისი ორი ვერსიიდან ერთი 6-სიჩქარიანი მექანიკური, მეორე კი 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მანქანა 9.1 წამს ანდომებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 170 კმ/სთ-ს შეადგენს. პიკაპს 3200კგ-ის ჩაბმა და 815კგ-იანი ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. 

რაც შეეხება 400 PHEV-ს, ეს დამუხტვადი ჰიბრიდია, რომლის ძალური აგრეგატიც 1.5-ლიტრიანი ძრავისგან, ელექტროძრავისგან და 32 კვტ.სთ-იანი ბატარეისგან შედგება. მანქანა შიგაწვისძრავიან მოდელზე უფრო მძლავრია და 422 ცხ.ძ-სა და 800 ნიუტონს გამოიუმუშავებს. 

შესაბამისად, 0-100კმ/სთ აჩქარებას ეს პიკაპი 6.5 წამს მოანდომებს (მაქსიმალური სიჩქარე უცვლელია). მხოლოდ ელექტროენერგიით ავტომობილი 120 კილომეტრის გავლას შეძლებს, კომბინირებულად კი ეს რიცხვი 1046 კილომეტრამდე იზრდება. 

რაც შეეხება ავტომობილის ინტერიერს, ის აღჭურვილია 10-დუიმიანი ხელსაწყოთა პანელითა და 14.6-დუიმიანი მულტიმედიის მონიტორით. ასევე, აქ შეხვდებით ორზონიან კლიმატკონტროლი, ექვსდინამიკიან აუდიოსისტემას და სმარტფონის 50-ვატიან უსადენო დამტენს.

რა თქმა უნდა, პიკაპი არც მძღოლის დამხმარე სისტემების ნაკლებობას უჩივის — ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, ავტომატური საავარიო მუხრუჭი, საცობის რეჟიმი, ზოლში დარჩენის რეჟიმი და საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა. S კომპლექტაციაში ემატება ბრმა წერტილების მაკონტროლებელი და ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემები.

რაც შეეხება ფასს, რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიზელისძრავიანი მოდელი ბევრად უფრო ძვირი ღირს — დამუხტვადი ჰიბრიდის ფასი 35000$-დან იწყება, ხოლო შიგაწვისძრავიანი 400-ის შეძენა მსურველებს 52000$-ად მოუწევთ. 

პარტნიორობა BAIC-თან

გარდა წარმოების აღდგენისა, Santana-მ განაცხადა BAIC-თან თანამშრომლობის შესახებაც — ჩინური კომპანია ესპანეთში სანახევროდ დაშლილ ავტომობილებს გამოაგზავნის, რომლებიც ესპანეთში აეწყობა. 

დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ესპანური ბრენდის განცხადებით, ეს პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება. 

მომავალში, Santana გეგმავს, BAIC-თან ერთად საკუთარი მოდელებიც აწარმოოს.

მსგავსი სიახლეები