Altima-ს წარმოებას Nissan 2025 წელს არ შეაჩერებს | ნახეთ, როგორი იქნება 2026 წლის სედანი
არც ისე დიდი ხნის წინ, Nissan-ის წარმოების ხაზში ოთხ სედანს შევხვდებოდით, თუმცა მას შემდეგ, რაც სპორტული უნივერსალების (SUV) პოპულარობა უეცრად გაიზარდა, იაპონურ ავტომწარმოებელს მოუწია, ბაზრის მოთხოვნას მორგებოდა და სედანები განზე გადაეწია. პირველი ამ ტენდენციას Maxima შეეწირა. არსებული მოლოდინებით, შემდეგი Versa და Altima უნდა ყოფილიყვნენ — თავად კომპანიაც მიანიშნებდა, რომ 2025 Altima-ს ბოლო წელი იქნებოდა, ვინაიდან ახალი დიზაინის მქონე Sentra მთავარი სედანი უნდა გამხდარიყო. თუმცა, როგორც ჩანს, Nissan-ში აზრი შეიცვალეს, რადგან 15 დეკემბერს 2026 წლის Altima წარადგინეს. 

2026 წლის მოდელში, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ მინიმალური ცვლილებებია შეტანილი — სტილი, ფაქტობრივად, იდენტურია. S და SL კომპლექტაციები გაუქმდა და მხოლოდ SV და SR შემორჩა — ამ უკანასკნელში ახალ Midnigt Edition პაკეტს ვხვდებით. Midnight Edition სტანდარტული ალტიმასგან ცხაურათი, ფანჯრების ჩარჩოებითა ემბლემებით განსხვავდება — ასევე, აღჭურვილია 19-დუიმიანი დისკებით და აქვს შავი სახურავი. პაკეტში დამატებულია ავტომატური, ორზონიანი კლიმატკონტროლის სისტემა და ლუკიც.
ახალი Altima-ს კაპოტის ქვეშ შენარჩუნებულია 2.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავა და ტრადიციულად ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ეს არც ისე მძლავრი ძრავა წინა ამძრავ ალტიმაში 188 ცხენის ძალასა და 244 ნიუტონ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს, ხოლო სრულად ამძრავ ვერსიაში 182 ცხ.ძ-სა და 241 ნიუტონს. Nissan-მა ტურბოჩაბერვის მქონე, 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ერთრიგა ძრავის გამოყენება 2024 წელს შეწყვიტა და მას არც 2026 წლის მოდელში დააბრუნებს. 
რაც შეეხება ფასს, SV კომპლექტაცია, დაახლოებით 28825$ ეღირება (2025 წლის მოდელზე სულ 200$-ით უფრო ძვირი), SR კი 30325$ (წინა მოდელზე 300 დოლარით ძვირი). თუ მყიდველს სრულად ამძრავი მოდელი სურს, 1400$-ის დამატება მოუწევს.